აგუერო ცოლს ოფიციალურად გაეყარა

აგუერო ცოლს ოფიციალურად გაეყარა

ერთი თვის წინ გავრცელდა ცნობა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს ცოლთან ურთიერთობა დაეძაბა.

სერხიოს მეუღლე, 23 წლის ჯანინა სახელგანთქმული დიეგო მარადონას ქალიშვილია. წყვილი ოთხი წლის წინ დაქორწინდა.

გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ აგუეროს ცნობილი არგენტინელი მომღერალი კარინა ტეიედა შეუყვარდა.

„ღალატის“ შესახებ ჯანინამაც გაიგო, შვილ ბენჯამინს ხელი მოკიდა, მანჩესტერი დატოვა და ქალაქ მადრიდში გადასახლდა. სიძესთან „მძიმე“ საუბარი თავად დონ დიეგოსაც ჰქონდა, მაგრამ სერხიომ ოჯახში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ ორი დღის წინ მადრიდში სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ჯანინა მარადონა და სერხიო აგუერო ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ.

რასაკვირველია პატარა ბენჯამინი დედასთან დარჩა. ჯანინამ ყოფილ ქმარს ვაჟიშვილთან კონტაქტი არ აუკრძალა.

გუშინ ესპანელი და არგენტინელი ჟურნალისტები დიეგო მარადონასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მარადონამ მას-მედიასთან საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.