ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ცნობილების უცნობი სტატუსები

ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ცნობილების უცნობი სტატუსები

ბოლო დროს ქართულ შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანების "ფეისბუქის" კედელზე უფრო და უფრო მძაფრი, უკმაყოფილებით სავსე სტატუსები ჩნდება. არიან უმრავლესობის ნაბიჯებით აღშფოთებულნი, უმუშევრობით გამწარებულნი, ზოგადად ხალხის დამოკიდებულებით გაცოფებულნიც.

დიდი ხანია, პოლიტიკოსობაზე ილესავს კბილებს ლექს-სენი. მანამდე არაერთი მისი ინტერვიუ წაგვიკითხავს, სადაც რეპერი თავის დუხჭირ ცხოვრებაზე გვიყვებოდა. წუხდა, რომ ქართული შოუბიზნესის ბედს ერთეულები წყვეტდნენ და მავანსა და მავანს "შავ სიებში" სვამდნენ. შესაბამისად, უმუშევრად დარჩენილი მომღერლები შიმშილობის ზღვარზე იდგნენ. გვახსოვს, როგორ უხდიდა მადლობას მომღერალი ცოლეურებს, რადგან, როგორც თავად ამბობდა, პრაქტიკულად, მათ ხარჯზე ცხოვრობდა. ჩვენც ლამის ნიანგის ცრემლები გვცვიოდა ლექს-სენის მოსმენისას.

არ ვიცით, თავისი უკრაინელი ცოლის ნათესავებში კულტურის მინისტრ ნიკა რურუას გულისხმობდა თუ სხვა ვინმეს სამინისტროდან, მაგრამ ახლახან ინტერნეტში კულტურის სამინისტროს მიერ 2012 წელს გაწეული ხარჯები გამოქვეყნდა, სადაც სიტყვასიტყვით წერია, რომ "2012 წლის აგვისტოში ყველაზე მსხვილი დაფინანსება, 698 399 ლარი მიიღო პროექტმა "მეამაყება საქართველო". ასევე 208 004 ლარი გამოეყო მომღერალ ლექსო ქავთარაძეს (ლექს-სენს) სამი მუსიკალური კლიპის, ორი ახალი სიმღერის ჩაწერისა და 2012 წლის 26 აგვისტოს ქ. ბათუმში ორსაათიანი კონცერტის ჩატარებისთვის".

უმუშევრობით აღშფოთებულთა სიაში მომღერალი ეკა კვალიაშვილიც მოხვდა.
მის პოსტს სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

"მე მართლა მაინტერესებს, რატომ არაფერი შეიცვალა, წინ რატომ არ მიდის ქართული კულტურა, რატომ არაფერი ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ხომ განსაკუთრებული კულტურული ტრადიციები გვაქვს და ასე გადავშენდით დავიჯერო?!. პირადად მე არ ვაპირებ გაჩერებას და გადაშენებას. ამოიღეთ ხმა!!! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ! გაჩერებულია ნამდვილი სიმღერა, უყურადღებოდ არის მიგდებული, არა მარტო ეს სფერო. ვინ აწყობს კონცერტებს და ვისი ხმა ისმის, რა ხდება, ვერ გავიგე. რა კავშირშია პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთთან. სად არიან ნამდვილი მწერლები, მხატვრები? რატომ არ არის ეს ხალხი დაფასებული, რატომ უნდა უჭირდეს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ადამიანებს, რომლებიც არიან ქვეყნის ნამდვილი სასახელო სახეები? სად არის მეცნიერება, რა ხდება, ბოლოს და ბოლოს? მარტო დაიჭირეს-გაათავისუფლეზეა აწყობილი ჩვენი ყოფა?!
თუ ასე გაგრძელდა კიდევ ერთი თვეც, აუცილებლად დავტოვებ საქართველოს. აქ არაფრის დაფასება არ იციან! გამოფხიზლდით, ბიზნესმენებო, რას აკეთებს კულტურის სამინისტრო? შეუძლებელი გახდა აქაურობის ატანა!!!"


ქვეყნის პრეზიდენტზე ფანატიკურად შეყვარებულთა შორის მსახიობი გია ცინაძე, იგივე მყუდროც მოიაზრება. მსახიობს მოსწონს ქვეყნის პირველი პირი, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამას "ფეისბუქის" გვერდზე დროდადრო ღიადაც აფიქსირებს. სამაგიეროდ, არ მოსწონს ახალი ხელისუფლება და ხშირად მათ კრიტიკასაც არ ერიდება.

"უბრალოდ ვამბობ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ჯიგრულად, ანუ საახალწლო განწყობა რომ არ გაგიფუჭოთ... მოკლედ, ბერას კონცერტის მერე რომ ოლიმპიადის დახურვა მოგვიწყვეს და საოცარი სილამაზის ფეიერვერკი გაუშვეს, მართლაც რომ შთამბეჭდავი, ახლა რატომ
არ მოგვიწყვეს იგივე? ჰა???
მერე რა, რომ ეს არ იყო ერთის დაბადების დღე და იყო ქვეყნის დღესასწაული?!"

აი, ამას ჰქვია, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ამჯერად ლექს-სენი შემდეგი სტატუსით ჩნდება "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე. "სამწუხაროა, ძაღლიან ქვეყანაში, მაინც კატები რომ ყეფენ" და მეორე "ალბათ შევცდი, რომ არ წავედი პოლიტიკაში, მე მგონი, დროა". ისე, პოლიტიკაში ამგვარი ტყუილები კარგად ჭრის და შეიძლება, ლექსო, ქართული პოლიტიკის "მერკებით", მართლაც გამოადგეს რომელიმე პარტიას, წინასაარჩევნო დაპირებების ჩამოსარიგებლად.

ბოლომდე არ გაგვიხსნა კარტები მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა. ამიტომ, რამ და რატომ აღაშფოთა მომღერალი, ამის ვარაუდი თქვენთვის მომინდვია. "ფეისბუქის" მის კედელზე ვკითხულობთ, - "გული მერევა რაღაცებზე, მეზიზღება ბევრი რამ, ყველაფერს ეკარგება აზრი. ხშირად მართლაც რომ ფურთხის ღირსია საქართველო, თუმცა, "ჩვენისთანა ბედნიერი..." ჰმ, იმ ერთ მერცხალსაც მოვუ...ნ ის სურვილი, რომელსაც ჭიკჭიკით სურს გაზაფხულის მოყვანა... მაპატიეთ, ცენზურას ზურგი ვაქციე... ვიდრე გამკიცხავდეთ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედეთ... სტატუსის ახსნას ნუ მოითხოვთ, ბევრ რამეზე შეიძლება მისი მიბმა!"

ცოტა ხნის წინ "რეიტინგში" დაიბეჭდა შორენა ბეგაშვილისა და კახა ჯოხაძის ინტერვიუ, რომელსაც ახლდა ფოტო, სადაც შორენას ფეხის ზედა ნაწილი არც თუ ისე ლამაზად უჩანს. ამის გამო ინტერნეტმომხმარებელმა არ დაინდო მსახიობი. გაბოროტებული ადამიანები შორენას ცელულიტებზე მიუთითებდნენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ამ ვითომდა ცელულიტს კოლჰოტის ზედა ნაწილის სიმუქით ხსნიდნენ და მსახიობს იცავდნენ. როგორც ჩანს, შორენას ამდენმა კომენტარმა გული ატკინა და თავის გვერდზე ასეთი პოსტი დადო.

"გასაგებია, მე ვარ მახინჯი, აწყობილი, დებილი და აღარ გავაგრძელებ, როგორ მომიხსენიებთ, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? კომპიუტერთან ჩამალული ხელმოცარული არსებები. მე მესმის თქვენი, მესმის, რომ გრძნობთ, ჩემზე არ მოქმედებს და ახლა ჩემს შვილზე გადახვედით იმავე სიტყვებით... თქვე ძალიან პატიოსნებო, ლამაზებო და უნაკლოებო, გეტყოდით, ტრაკზე მაკოცეთ-მეთქი, მაგრამ ძალიან ლამაზი მაქვს და ამ ადგილსაც ვერ გავიმეტებ თქვენთვის... "

უცნაური წინადადებით გამოდის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომღერალი ლადო ბურდული:
"მეგობრებო, ვინ დამეხმარება "ფეისბუქზე" პეტიციის ფორმის ლინკის მოძებნაში? როგორც დაგპირდით, მინდა დავიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა პარლამენტმა განიხილოს ჩვენი მოთხოვნა და დააკანონოს ქვეყანაში კვირის ერთი დღე, მაგალითად, ორშაბათი "სიხარულისა და მადლიერების" დღედ, როცა პატრული დააჯარიმებს ყველა მოწუწუნესა და არაბედნიერი სახის გამომეტყველებით მოსიარულეთ. შევკრებთ მოხალისეთა საპატრულო ჯგუფებს, რომლებიც ასეთ წურბელებს და ცივილიზაციის შემაფერხებელ ელემენტებს გამოავლენენ და გადასცემენ პატრულს დასაჯარიმებლად".

დასასრულ, ცუდ გუნებაზე რომ არ დაგტოვოთ, მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძის სტატუსსაც შემოგთავაზებთ, რომელიც ეს-ესაა გადაცემა "პროფილში" ახალი ამპლუით წარმოგვიდგინეს, ის სექსუალურ მამაკაცთა შვიდეულში მოხვდა. "მაშ ასე, მხიარულად სექსუალური ხვიჩა მაღლაკელიძეა თქვენ წინაშე", - სწორედ ასე წარგვიდგინა გადაცემის წამყვანმა მაია ასათიანმა ეს მუსიკოსი. "მხიარულად სექსუალურმა" ბათუმელმა მუსიკოსმა მართლაც რომ მხიარულად განაგრძო გადაცემა, სიმღერ-სიმღერით. თუმცა, ვგონებ, ამ სტატუსის დამწერს მთლად სასიმღეროდ არ უნდა ჰქონდეს საქმე.
"....ვუკრავთ ასევე ქელეხებში, ჭერის ახდაზე, ორმოცებზე, ორმოცდათორმეტზეც, პანაშვიდებზე, ღვარცოფით დაზარალებულთა სამიტებზე, გარეორსულობით აღშფოთებულთათვის, ნოტარიუსის არდადეგებზე, ტრაკის უკიდეგანობასთან დაკავშირებულ სიმპოზიუმებზე და რა ვიცი, ყველგან"... ამასაც მაგრად გაუჭირდა, როგორც ჩანს.