წერტილოვანი შეზღუდვები, რაზეც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გააქტიურდა საუბარი, 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ 26 ნოემბერს მიიღო და ახალი შეზღუდვები შემოღების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააჟღერა.
ამ წერტილოვან შეზღუდვებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში სრულ „ლოკდაუნს“ უწოდებენ, რადგან დიდი ქალაქები, პრაქტიკულად, იკეტება და ორი თვის განმავლობაში არც საქალაქთაშორისო და არც მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს.
სპეციალისტების ერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს შედეგს გამოიღებს და კორონავირუსის ახალი შემთხვევები კლებას დაიწყებს. ორი კვირის თავზე კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდება. თუმცა, მეორე ნაწილი საუბრობს, რომ ეს შეზღუდვები დიდი შედეგის მომტანი არ იქნება და ყველაფერთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული კრიზისი ემუქრება.
იზრდება ე.წ. კომენდანტის საათის ხანგრძლივობა ერთი საათით, იხურება სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები, ბაღები, სკოლები და აშ. ჩამონათვალი დიდია. ამასთან, მოქალაქეებისთვის შემოღებულია გარკვეული საფინანსო შეღავათები. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ დღეს მიღებული შეზღუდვების სია იდენტურია საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული აკრძალვებისა, რომელიც მარტის თვეში გამოცხადდა და რეალურად, სხვაობა ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს.
მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკურმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ კიდევ ერთხელ მსგავსი შეზღუდვებისა და აკრძალვების ამოქმედება, ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს და გაღარიბებულ მოსახლეობას გაღატაკებს.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, რადგან ხალხის ერთად შეკრება აღარ მოხდება და შეკავების მეთოდით ახალი შემთხვევებიც კლებას დაიწყებს.
„გარკვეულწილად დადებითად იმოქმედებს. რაც უფრო ნაკლები იქნება ადამიანებს შორის კონტაქტი, უკეთესი სიტუაცია გვექნება, თუმცა, იმ ხალხს რას უშვრებიან, ვინც სახლში დაჯდება და არ იმუშავებს, რამდენად ანაზღაურდება მათი ხელფასი?! ხომ არ გამოიწვევს მასიურ ეკონომიურ პრობლემას და რამდენ ხანს გასტანს ეს შეზღუდვები არ ვიცით. მომზადება ბევრი რამის შეიძლება, მაგრამ რამდენად განხორციელდება ფინანსური პაკეტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ეპიდვითარებას აჯობებს, რაც ახლა გვაქვს. ტრანსპორტში ადამიანების ახლო კონტაქტს ვერ გააკონტროლებ და ეს შეზღუდვა მნიშვნელოვანი რამ არის“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ წინასაახალწლოდ, კერძოდ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, -3 იანვრიდან კი ისევ გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი ირაკლი ხმალაძე მკვეთრ მატებას აღარ ელოდება.
„არ მგონია, რომ რაიმე დიდი აფეთქება მოხდეს, ამის იქით რა უნდა მოხდეს?! ჩვენ უკვე მივუახლოვდით იმ პიკს, რომელსაც ვვარაუდობდით ექიმები და ამაზე მეტი არ უნდა იყოს. მით უმეტეს ეს მოხდება ჩაკეტვის შემდგომ პერიოდში.
ყველაფერ დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც გამოდიან ქუჩაში, როგორ გამოიყენებენ პირბადეს, რამდენად დაიცავენ აკრძალვებს. ყველა რომ ვიცავდეთ წესებს, ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა“, - დასძინა ირაკლი ხმალაძემ.
თუმცა, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ ყოველი შეზღუდვის მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს. იგი მიესალმება დაწესებულ შეზღუდვებს და საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„სავარაუდოდ, ეს დადებითად იმოქმედებს და ეს აუცილებელიც იყო. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დაიწყებს კლებას. შეკავების შემდეგ გახსნა ყოველთვის აფუჭებს საქმეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოვიქცევით ადამიანები. თუ არ მოვიქცევით სწორად, იმ ერთმა გახსნამ შეიძლება კიდევ მომატება მოგვიტანოს. რაც არ უნდა გახსნილი იყოს, რეგულაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ. იმ დღეებისაც მეშინია. ისე, შეკავება აუცილებელია, თორემ სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.