როგორ ჩაახშო ისლანდიამ COVID-19 მეცნიერებით – #1tvმეცნიერება

როგორ ჩაახშო ისლანდიამ COVID-19 მეცნიერებით – #1tvმეცნიერება

მარტის ცივ დილას, რეიკიავიკის ქარიან ქუჩაში მანქანით მიმავალმა კარი სტეფანსონმა რადიო ჩართო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ ადამიანთა 3,4 პროცენტი მოკვდებოდა — სიკვდილიანობის შოკისმომგვრელად მაღალი მაჩვენებელი, 30-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე სეზონური გრიპის.

თუმცა, ამ შეფასებას თან ახლდა ერთი პრობლემა — ეფუძნებოდა COVID-19-ის აღრიცხულ შემთხვევებს და არა ყველა შემთხვევას, მათ შორის მსუბუქ და უსიმპტომო ინფექციებს.

„ვერ მივხვდი, რანაირად გამოითვალეს ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის გარეშე“, — იხსენებს სტეფანსონი, რომელიც არის რეიკიავიკში ბაზირებული ადამიანის გენომიკის კომპანია deCODE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. იგი სულ მალე დარწმუნდა, რომ ეპიდემია შემაშფოთებელია და ისლანდიის მოსახლეობის მისგან დაცვა ფართო სამეცნიერო რეაგირებას საჭიროებდა.

სამსახურში მისულმა სტეფანსონმა deCODE-ის მფლობელი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Amgen-ის ხელმძღვანელობას დაურეკა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას deCODE-ის რესურსების გამოყენება ისლანდიაში ვირუსის გავრცელების მონიტორინგისთვის; ვირუსი ისლანდიის ნაპირებთან უკვე ექვსი დღის მიმდგარი იყო.

„ღვთის გულისათვის, გამოიყენე. მიპასუხეს მათ“, — იხსენებს სტეფანსონი.

მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, deCODE-ი და ისლანდიის ჯანდაცვის დირექტორატი, სამთავრობო სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის სერვისებს კურირებს, გვერდიგვერდ მუშაობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ იდეებს, მონაცემებს, ლაბორატორიულ სივრცეებსა და ადამიანურ რესურსებს. ასეთმა ძლიერმა თანამშრომლობამ, რასაც თან ერთვოდა ისლანდიის პატარა ზომაც, ქვეყანა ჩააყენა შესაშურ პოზიციაში, რომელმაც დღეს ვირუსის პრაქტიკულად ყველა მოძრაობა იცის. მკვლევართა ჯგუფები აკვირდებოდნენ SARS-CoV-2-ზე (COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი) დადებითი პასუხის მქონე ყოველი ადამიანის ჯანმრთელობას, ასეკვენირებდნენ თითოეული ვირუსული შტამის გენეტიკურ მასალას და ინფექციაზე გატესტეს ისლანდიის 368 000 მცხოვრებიდან ნახევარზე მეტი.

დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარე ანალიზებით მიღებულმა მონაცემებმა გარკვეული ადრეული ცნობები დადო იმის შესახებ, როგორ ვრცელდებოდა კორონავირუსი მოსახლეობაში. მაგალითად, მონაცემებმა აჩვენა, რომ ინფიცირებულ ადამიანთა თითქმის მნახევარი უსიმპტომოა, რომ ბავშვები ზრდასრულებზე უფრო იშვიათად ხდებიან ამ ვირუსისგან ავად, რომ COVID-19-ის მსუბუქ შემთხვევათა ყველაზე გავრცელებული სიმპტომია კუნთებისა და თავის ტკივილი, ხველა და არა ტემპერატურა.

„სამეცნიერო საქმიანობა მთელი ამ პროცესის უზარმაზარი ნაწილი იყო“, — ამბობს ისლანდიის ეროვნული საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის შიდა სამედიცინო სერვისების დირექტორი რუნოლფურ პალსონი.

deCODE-ისა და ამ ჰოსპიტლის მკვლევრები ყოველდღიურად მუშაობდნენ მონაცემთა შეგროვება-ინტერპრეტაციაზე.

მათი მიღწევები მხოლოდ აკადემიური როდია. ისლანდიის მეცნიერებამ გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე — ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ 100 000 ადამიანზე შვიდს უდრის, მაშინ, როცა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ეს მაჩვენებელი 100 000-ზე 80 ადამიანია. ამას გარდა, მიუხედავად საზღვრის გახსნისა, ისლანდიაში ვირუსი აღარ გავრცელებულა; ივნისის შუა რიცხვებიდან ქვეყანამ 45 სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს გაუხსნა საზღვარი. პარტნიორობა კვლავ გაძლიერდა სექტემბერში, როდესაც ქვეყანას ინფექციის მეორე დიდი ტალღა დაემუქრა.

ფრთხილი ნაბიჯები

COVID-19 პირველი პანდემია არ არის, რომელიც ისლანდიის ნაპირებს მიადგა: 1918 წლის ოქტომბერში, რეიკიავიკის პორტში შესულმა ორმა გემმა ქვეყანაში გრიპის პანდემია შეიტანა. ექვს კვირაში, დედაქალაქის მოსახლეობის ორი-მესამედი დაინფიცირდა.

საუკუნის შემდეგ, ისლანდიის მთავრობა უკეთ მომზადებული აღმოჩნდა — გააქტიურა პანდემიისადმი მზადყოფნის ეროვნული გეგმა, რომელიც იანვრის დასაწყისიდან შეიმუშავა, ქვეყანაში COVID-19-ის შესვლამდე ორი თვით ადრე.

„დასაწყისშივე გადავწყვიტეთ, რომ უნდა გამოგვეყენებინა იზოლაცია, კარანტინი და კონტაქტების მოკვლევა“, — ამბობს ჯანდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფოროლფურ გუდნანსონი. ამ გეგმის მიხედვით, საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიკრობიოლოგიურმა ლაბორატორია მოქალაქეთა ტესტირებას თებერვლის დასაწყისიდან შეუდგა.

28 თებერვალს, ვირუსზე დადებით აღმოჩნდა ჩრდილოეთ იტალიის სათხილამურო კურორტიდან დაბრუნებული მამაკაცი. ერთ კვირაში, შემთხვევათა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა და გეგმაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდა. სამედიცინო პერსონალი დღეში ასობით ტესტს ატარებდა. ჰოსპიტალში რნმ-ის გამოყოფის ერთ-ერთი დანადგარი ზედმეტი გამოყენებისგან გატყდა კიდეც. „შემოსულ ნიმუშებს უბრალოდ ვეღარ ვუმკლავდებოდით“, — იხსენებს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მიკრობიოლოგიის ხელმძღვანელი კარლ კრისტიანსონი.

13 მარტს, deCODE-მა მოსახლეობის საყოველთაო სკრინინგი დაიწყო და ტესტირების მაჩვენებლით ჰოსპიტალსაც გადაუსწრო. ფენოტიპიზაციის დიდი ცენტრი, რომელსაც კომპანია ბოლო ოცი წლის განმავლობაში ისლანდიელთა გენეტიკის შესასწავლად იყენებდა, COVID-19-ზე ტესტირების ცენტრად გადააკეთეს.

„თითქმის ისე ჩანდა, რომ COVID-19-მდე გავლილი ეს 24 წელიწადი უბრალოდ მოსამზადებელი სესია იყო. ამ საქმეზე მთელი ჩვენი ძალებით გადავერთეთ“, — ამბობს სტეფანსონი.

მისივე თქმით, კომპანის აქვს საკმარისი ტექნიკა და ჰყავს პერსონალი, რათა კვირაში 4000 ადამიანის გენომის სეკვენირება მოხდეს. მთელი გაზაფხულის განმავლობაში, მთელი ეს შესაძლებლობები პანდემიაზე რეაგირებისთვის საჭირო საქმიანობაზე გადაერთო.

deCODE-ის ძირითადი საქმიანობა იყო COVID-19-ის სკრინინგი, მათ შორის მთელი მოსახლეობის ღია მოპატიჟება. დღეისათვის, ისლანდიის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მსუბუქი სიმპტომებიც კი აღენიშნება, შეუძლია დაუყოვნებლივ გაიტესტოს. ამისათვის, მოქალაქეები განაცხადს deCODE-ის პროგრამისტების მიერ შექმნილ სპეციალურ COVID პროგრამაში ავსებენ. ტესტირების ცენტრში ისინი საკუთარი სმარტფონიდან უბრალოდ უჩვენებენ შტრიხკოდს, რომელიც ავტომატურად ედება მათი ნაცხის ნიმუშს. ამის შემდეგ, ნაცხის ნიმუში deCODE-ის სათაო ოფისში იგზავნება, რომელსაც deCODE და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ერთობლივად მართავენ.

„დღეისათვის შეგვიძლია დღეში დაახლოებით 5000 ნიმუშის ანალიზი“, — ამბობს კრისტიანსონი. მართლაც, ასეთი თანამშრომლობით მათ უკვე გატესტეს ქვეყნის მოსახლეობის 55 პროცენტი.

თუ პასუხი უარყოფითია, პირი იღებს უბრალო, მარტივ შეტყობინებას. თუ დადებითია, ხდება ორსაფეხურიანი მოქმედება — ერთი ჰოსპიტალში და მეორე ლაბორატორიაში.

ჰოსპიტალში ეს პირი რეგისტრირდება ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში და ერთვება ტელე-ჯანდაცვის მონიტორინგის სერვისში, რომელიც 14-დღიანი იზოლაციის პირობებში მიმდინარეობს COVID ამბულატორიულ კლინიკაში. მათ ტელეფონზე ხშირად ურეკავენ ექთნები ან ექიმები, რომლებიც იწერენ მათ სამედიცინო და სოციალურ ისტორიას და ავსებენ 19 სიმპტომის სტანდარტულ საკონტროლო სიას. ყველა ეს მონაცემი აისახება ეროვნულ ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერთა სისტემაში. მეცნიერული მიზნებიდან გამომდინარე, ჰოსპიტლის კლინიცისტმა მეცნიერებმა ეს საკოლექციო სისტემა მარტის შუა რიცხვებში შექმნეს.

„გადავწყვიტეთ, კლინიკური აღმოჩენები სტრუქტურულად ჩაგვეწერა, რაც ფრიად გამოსადეგი იქნება კვლევითი მიზნებისთვის“, — ამბობს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის შიდა სამედიცინო სერვისების დირექტორი რუნოლფურ პალსონი.

ლაბორატორიაში თითოეული ნიმუში იტესტება მასში არსებულ ვირუსთა რაოდენობაზე, რაც გამოიყენება დაავადების გადამდებობისა და სიმწვავის ინდიკატორად. ამას გარდა, ხდება ვირუსის გენომის სრული რნმ-ის სეკვენირება, რათა დადგინდეს ვირუსის შტამი და მისი წარმომავლობა.

სტეფანსონის განცხადებით, იგივე მიდგომას კარგად უნდა ემუშავა შესაბამისი რესურსების მქონე სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, აშშ-ში, სადაც არის შექმნილი ყველა ის მეთოდი, რომელსაც deCODE ამჟამად იყენებს. მართლაც, პანდემიის დასაწყისში, აშშ-ის მრავალი ლაბორატორია კორონავირუსზე ტესტირების სერვისს ახორციელებდა, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს მარეგულირებელმა და ადმინისტრაციულმა დაბრკოლებებმა, რის გამოც ფედერალური მთავრობა არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.

ვირუსული ანაბეჭდები

deCODE-ის, საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და ჯანდაცვის დირექტორატის მკვლევრებმა მონაცემთა ანალიზები მარტის დასაწყისშივე დაიწყეს და რამდენიმე ადრეული შედეგებიც გამოაქვეყნეს.

„მას შემდეგ, რაც მონაცემთა გენერირება დავიწყეთ, ვერ გავუძელით ცვლილებას, რომ მისგან რაღაც შემაკავშირებელი გამოგვეყვანა“, — ამბობს სტეფანსონი.

პალსონის თქმით, ისლანდიის COVID-19-ის შედეგები ლიმიტირებულია იმ ფაქტით, რომ ეს შემთხვევები ხდება სხვა ქვეყნებთან შედარებით პატარა და ჰომოგენურ მოსახლეობაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს პატარა ზომა ამავე დროს სიძლიერეც არის, რადგან მივყავართ დეტალურ, მთელი მოსახლეობის მასშტაბის მონაცემებამდე.

გაზაფხულის დასაწყისში, მსოფლიოში COVID-19-ის შესახებ წარმოებულ კვლევათა უმეტესობა ფოკუსირებული იყო საშუალო ან მძიმე პაციენტებზე. მოსახლეობის ფართო ნაწილის ტესტირებით, deCODE-მა ვირუსის მონიტორინგი შეძლო მსუბუქ და უსიმპტომო ადამიანებშიც. 13 მარტიდან 4 აპრილამდე გატესტილ 9199 ადამიანიდან კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა 13,3 პროცენტი. ტესტირების მომენტში, მათ 43 პროცენტს სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

„ეს კვლევა პირველი იყო, რომელმაც მაღალი ხარისხის მონაცემები მოგვაწოდა იმის შესახებ, რომ COVID-19-ის ინფექცია ხშირად უსიმპტომოა. ეს გახლდათ იმ დროისათვის ერთადერთი კვლევა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილზე იყო ჩატარებული“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ჯეიდ ბენჯამინ-ჩუნგი, რომელმაც ისლანდიის მონაცემების საფუძველზე შეაფასა SARS-CoV-2-ის ინფექციის მაჩვენებლები აშშ-ში.

ერთი თვის შემდეგ, უსიმპტომო ინფექციის შესახებ იგივე შედეგები დადო იტალიის ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობაზე ჩატარებულმა კვლევამ. როდესაც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ვოში კორონავირუსით 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, COVID-19-ის პირველი მსხვერპლი ქვეყანაში, რეგიონის გუბერნატორმა ქალაქი ჩაკეტა და მისი 3300 მცხოვრების ტესტირება ბრძანა. ტესტირების საწყისი რაუდნის შემდეგ, პადუას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ხელმძღვანელმა ანდრეა კრისტიანმა გუბერნატორს სთხოვა, რომ მისი ჯგუფისთვის ტესტირების მეორე რაუნდის ჩატარების უფლება მიეცა.

„ამით შევძლებდით ლოკდაუნისა და კონტაქტების მოძიების ეფექტიანობის განსაზღვრას“, — ამბობს კრისტიანი.

ადგილობრივი ხელისუფლბა დათანხმდა. ორრაუნდიანი ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლოკდაუნი და იზოლაცია გადადების მაჩვენებელს 98 პროცენტით ამცირებდა. ასევე თანხმობაში იყო ისლანდიის შედეგებთან, რომლის მიხედვითაც, ინფიცირებულთა 43 პროცენტი უსიმპტომო იყო.

გარდა უსიმპტომო შემთხვევებისა, ისლანდიელმა მეცნიერებმა ასევე დაასკვნეს, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დადებით პასუხი იმის ნახევარი იყო, ვიდრე 10 წლის ზემოთ ადამიანებში. შემდეგში ეს შედეგები დაადასტურა იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმაც. ამას გარდა, deCODE-ის ჯგუფი ანალიზს უტარებდა ყოველი დადებითი შემთხვევის გენეტიკურ მასალას და მისი ანაბეჭდის საფუძველზე იკვლევდა, საიდან იყო მოსული თითოეული შტამი და როგორ იყო გავრცელებული. მკვლევართა დასკვნით, საწყის შემთხვევათა უმეტესობა შემოტანილი იყო სათხილამურო კურორტებიდან, შემდეგი გადადებები კი ადგილობრივად, ოჯახებს შიგნით ხდებოდა.

გენეტიკური მონიტორინგის მიდგომამ, რომელსაც მოლეკულურ ეპიდემიოლოგიასაც უწოდებენ, მაღალი ეფექტიანობა აჩვენა ახალ ზელანდიაშიც. მარტში, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი ლოკდაუნი გამოაცხადა, რათა ვირუსი მოესპო.

„ახალი ზელანდიის მოსახლეობა შვიდი კვირის განმავლობაში მეტნაკლებად სახლში რჩებოდა. ამის შემდეგ, ჩვენ ვირუსისგან თავისუფალ ქვეყანაში აღმოვჩნდით“, — ამბობს ველინგტონის ოტაგოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი მაიკლ ბეიკერი. ასეთი აღმოჩნდა 5-მილიონიანი ქვეყნის ბედი, რომლის მოსახლეობაც ისლანდიისაზე 13-ჯერ დიდია.

მარტიდან-მაისის ჩათვლით, ახალი ზელანდიის პირველი ტალღის გენეტიკურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მკაცრმა ლოკდაუნმა მოქმედება დაუყოვნებლივ დაიწყო. გადადების მაჩვენებელი, ანუ თითოეული ადამიანის მიერ ვირუსით დაინფიცირებულ პირთა რიცხვი პირველივე კვირაში უმსხვილეს კლასტერში 7-დან 0,2-მდე შემცირდა. სეკვენირების მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ქალაქ ოკლენდში აგვისტოში მომხდარი აფეთქება, რომლის წყაროც დღემდე უცნობია, ერთი ხაზიდან მომდინარეობდა, რამაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი შტო იყო.

„გენომიკამ სასიცოცხლო როლი ითამაშა ახალ ზელანდიაში COVID-19-ის ხელახლა გამოჩენის მონიტორინგში“, — ამბობს ოტაგოს უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ჯემა ჯეოგეგანი.

სრული სურათის მიღება

ამ ზაფხულს, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კორონავირუს SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადების სრული სპექტრის შესასწავლად, პალსონის ჯგუფმა კლინიკური მონაცემები გამოიყენა. 31 იანვრიდან 30 აპრილამდე დადებითი შედეგის მქონე 1797 ადამიანში ყველაზე ხშირი სიმპტომი იყო კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და ხველა, ოღონდ არა ტემპერატურა — სიმპტომი, რომელიც შედის როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიმპტომთა სიაში.

პალსონის ჯგუფის მიერ დადებულმა შედეგებმა ისლანდიაში პირდაპირი სამედიცინო ჩარევა გამოიწვია: ადამიანებს, რომლებსაც ჩვეულებრივი გაციების ან ტკივილის რაიმე სიმპტომი აღენიშნება, ტესტირებისკენ ახალისებენ; ჰოსპიტალები კი ახალ პაციენტებს სიმპტომების მიხედვით სამიდან ერთ კატეგორიაში ახვედრებს, რაც შემდეგ მათი მოვლის დონესაც განსაზღვრავს.

ისლანდიაში ჩატარებული ყველაზე ბოლო კვლევა ფოკუსირებული იყო COVID-19-ის მთავარ შეკითხვაზე — რამდენ ხანს გრძელდება SARS-CoV-2-ისადმი იმუნურობა? deCODE-ის ჯგუფმა დაადგინა, რომ ინფიცირებულ ადამიანთა 91 პროცენტის სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები დიაგნოზიდან ოთხი თვის შემდეგაც კი საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით იყო წარმოდგენილი, რაც ეწინააღმდეგება ადრეულ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ანტისხეულები ინფექციის გასვლიდან მალევე მიილევა. არ არის გამორიცხული, ასეთი საპირისპირო შედეგები ანტისხეულთა ორ ტალღაზე მიუთითებდეს.

პუბლიკაციის სარედაქციო ნაწილში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარი გალიტ ალტერი და აშშ-ის ჯანდაცვისა და ვაქცინების კვლევის ცენტრის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი რობერტ სედერი ვარაუდობენ, რომ ანტისხეულთა პირველ ტალღას ხანმოკლე პლაზმის უჯრედები წარმოქმნიან მწვავე ინფექციის წინააღმდეგ, ამის შემდეგ კი, ხანგრძლივი უჯრედები აწარმოებენ ანტისხეულთა მეორე ტალღას, რაც ხანგრძლივ იმუნურობას უზრუნველყოფს.

და როგორც იქნა, სტეფანსონმა შეძლო იმ სტატისტიკის დაწვრილებით დადგენა, რამაც თავდაპირველად დააინტრიგა — ინფექციის ფატალურობის მაჩვენებელი, ანუ ინფიცირებულ ადამიანთა პროპორცია, რომლებიც დაავადებისგან კვდებიან. პანდემიის დასაწყისიდან, ინფექციის ფატალურობის მაჩვენებლის შეფასებები მერყეობდა 0,1 პროცენტიდან 25 პროცენტამდე, რაც დამოკიდებული იყო კვლევის ზომაზე და მოსახლეობის ასაკზე. სულ უფრო მეტი კვლევა თანხმდება, რომ ეს მაჩვენებელი 0,5 – 1 პროცენტია. სტეფანსონის ჯგუფმა დაასკვნა, რომ ისლანდიაში ეს მაჩვენებელი 0,3 პროცენტია.

ახალი ტალღა

15 ივნისს, ისლანდიამ საზღვარი ევროპის 31 ქვეყანას გაუხსნა. ერთი თვის შემდეგ, 16 ივლისს, ქვეყანამ შესვლაზე შეზღუდვები მოუხსნა კიდევ 12 სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, მათ შორის იყო კანადა, ახალი ზელანდია და სამხრე კორეა. გახსნამ გასაჭირში მყოფ ტურიზმის ინდუსტრიას გარკვეული შვება მოჰგვარა. თუმცა, ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის ზაფხულის მაჩვენებელზე 75-80 პროცენტით დაბალი იყო.

10 აგვისტოს, რეიკიავიკის აეროპორტში ორი ტურისტის ტესტმა SARS-CoV-2-ზე (COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი) დადებითი პასუხი აჩვენა. ტურისტებმა რეგულაციები უგულებელყვეს და ქალაქში გავიდნენ. ამას მოჰყვა შემთხვევათა მცირე აფეთქება აგვისტოში, ორი პაბისა და ფიტნეს-ცენტრის გარშემო, რომლებსაც ეს ტურისტები სტუმრობდნენ. ამის შემდეგ, სექტემბრის შუა რიცხვებში, შემთხვევათა რაოდენობა უეცრად, ერთ კვირაში ერთიდან 55-მდე გაიზარდა.

„ვირუსის ამ ერთმა კლონმა გავრცელება შეძლო და მიმალული ინფიცირებები გამოიწვია, ძირითადად რეიკიავიკში, რასაც შემთხვევათა უცაბედი მატება მოჰყვა. ეს იმის კარგი მაგალითია, რამდენად რთულია ვირუსის შეკავება“, — ამბობს გუდნანსონი.

მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა, ქვეყანას გარკვეული ქვეყნებიდან ტურისტებისთვის საზღვარი მაინც გახსნილი აქვს, თუმცა, შესვლაზე მოთხოვნები უფრო გამკაცრებულია. ტურისტმა ან 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ან ორი ტესტი ჩაიტაროს — ერთი ჩამოსვლისთანავე, მეორე კი კარანტინის მეხუთე დღეს. ამ მეთოდით დადგინდა, რომ პირველი ტესტის დროს უარყოფითი პასუხის მქონე ტურისტთა 20 პროცენტს მეორე ტესტმა დადებითი უჩვენა. რიცხვი მაღალია, მაგრამ შესაბამისობაშია სხვა ანალიზებთან. ამ მოთხოვნებმა როგორც ჩანს შეაკავა ვირუსის მრავალი შტამი, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლად გავრცელდებოდა.

ახალი ზელანდიისგან განსხვავებით, რომელმაც საზღვრები ჩაკეტა, ვირუსის სრულად ამოძირკვას ისლანდიაში მხარს არ უჭერენ იმის შიშით, რომ ტურიზმის გარეშე ქვეყანა არ გაკოტრდეს. შესაბამისად, გუდნანსონი ამბობს, რომ შესაძლებელია, ახალმა შემთხვევებმა მოიმატოს. გარდა ამისა, ის და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი გავრცელება დიდწილად შეიძლება გამოწვეული იყოს პანდემიისგან დაღლით, რადგან ხალხი თვეობით სიფრთხილის შემდეგ ჯანდაცვის რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებს.

„ვფიქრობ, ვირუსს გავუმკლავდებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ და ამასობაში ვაქცინაც მოვა“, — ამბობს ისლანდიის ჯანდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფოროლფურ გუდნანსონი.

ამასობაში კი კვლევა არც ერთი საათით არ ჩერდება. პალსონის ჯგუფი გეგმავს შეისწავლოს ვირუსის ჩატვირთვის მაჩვენებლის გავლენა პაციენტზე და ვირუსის გადადება. ასევე გეგმავენ, კონტაქტების დადგენის მონაცემებით შეისწავლონ სუპერგავრცელებოს მოვლენის რისკ-ფაქტორები.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც ოჯახში ყველა დაინფიცირდა, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სამსახურში ინფიცირებული ადამიანი მუშაობდა და იქ სხვა არავინ დაინფიცირებულა. ძალიან რთული გასარკვევია“, — ამბობს ისლანდიის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის შიდა სამედიცინო სერვისების დირექტორი რუნოლფურ პალსონი.

deCODE-ში სტეფანსონი და მისი კოლეგები იკვლევენ უჯრედულ იმუნურ პასუხს და ცდილობენ გაარკვიონ ისიც, წარმოიქმნება თუ არა საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები COVID-19-ით მძიმედ ავადმყოფ ადამიანებში. ამას გარდა, deCODE-ისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ჯგუფები ერთობლივად იკვლევენ COVID-19-ის გრძელვადიან ეფექტებს და გენეტიკის გავლენას ამ დაავადებისადმი მგრძნობელობასა და შეპასუხებაზე.

„დიდი ხანია, ჩვენს თავზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ავიღოთ ყველაფერი, რასაც ამ დაავადების შესახებ ვისწავლით და გამოვაქვეყნოთ. არ არსებობს სხვა გზა, რომლითაც ამ შესაძლებლობას გამოვიყენებდით“, — ამბობს ადამიანის გენომიკის კომპანია deCODE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კარი სტეფანსონი.

მომზადებულია nature.com-ის მიერ.

არაგველი641 მაგათ ალბათ ნაცბოზბანდის მსგავსი ოპოზიცია არ ყავთ, თორემ ვნახავდი "მათ ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა"
3 წლის უკან