ზამთრის საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღე დარჩა. მოთამაშეთა გადაადგილებების ბოლო ვადა ხვალ, ღამის თორმეტ საათზე ამოიწურება.
დღეს დილით ბრიტანულმა „Daily Mail” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი დავიდ ვილია უახლოეს 24 საათში ინგლისურ „არსენალში“ გადაბარგდება.
ერთი საათის წინ გამოცემამ „The Mirror” საპირისპირო ცნობა გამოაქვეყნა. თურმე არ არის გამორიცხული რომ დავიდ ვილია ლონდონის ნაცვლად ქალაქ მანჩესტერში აღმოჩნდეს. ალბათ მიხვდით რომ საუბარი „მანჩესტერ სიტიზეა“. გაზეთის მტკიცებით, ამ ტრანსფერის ალბათობა მცირეა, მაგრამ ყველაფერი მაინც უახლოეს საათებში გაირკვევა. თავად ფეხბურთელს რობერტო მანჩინისთან მუშაობის პერსპექტივა უფრო ხიბლავს.
არ გამართლდა ბრიტანული გამოცემა „The Times”-ის ინფორმაცია, რომ ფრანგული „ბასტიას“ მოთამაშე ფლორიან ტოვენი ინგლისურ „ნიუკასლში“ გადაბარგდებოდა. ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება კლუბ „ლილში“ მოისურვა.
ფრანგული „ტულუზას“ ფეხბურთელი ეტიენ კაპუე ჰარი რედნაპის „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ ჩაირიცხა. ინგლისელებს ეს ტრანსფერი 14 მილიონი ევრო დაუჯდათ.
დღეს გავრცელდა ჩინური კლუბი „შანჰაის“ ოფიციალური განცხადება. აზიელების მტკიცებით, კოტ დივუარელმა დიდიე დროგბამ თურქულ „გალათასარაისთან“ ხელშეკრულება საფეხბურთო კანონების დარღვევით გააფორმა. ჩინელები ფიფა-ში ჩივილსა და თურქებისგან დიდძალ კომპენსაციას მოითხოვენ.
იტალიური „ფიორენტინა“ მალის ეროვნული გუნდისა და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ 28 წლის ნახევარმცველ მოჰამედ სისოკოსთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. მოთამაშე ახალ გუნდში გადასვლაზე თანახმაა, კლუბების წარმომადგენლები კი ერთმანეთს დღეს დაელაპარაკებიან.
„მილანის“ ნახევარმცველი ურბი ემანუელსონი იჯარის წესით ინგლისურ „ფულჰემში“ გადავიდა.
იტალიური „ლაციოს“ არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე კიევის „დინამოში“ ჩაირიცხა.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, „სტოკ სიტის“ ახმახი თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადასასვლელად ემზადება. კრაუჩი ჰარი რედნაპს ეკვე ესაუბრა და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
გამოცემა „Daily Mail”-ის ცნობით, ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბრაზილიურ „ინტერნაციონალს“ ლეანდრო დამიანის სანაცვლოდ 17.5 მილიონი ევრო შესთავაზა. სამხრეთ ამერიკელებს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ, მაგრამ ბოლო წინადადებამ შეიძლება მათი გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალოს.