გუშინ მსოფლიო მას-მედიაში ერთი სენსაციური ცნობა გავრცელდა. აღმოჩნდა რომ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა კარიერის გაგრძელებას რუსულ „ანჟიში“ აპირებდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურმა გამოცემამ „AS” გაავრცელა, შემდეგ კი რუსულმა მედიამაც აიტაცა.
საფეხბურთო სამყაროს თვალთახედვის არეში ქალაქი მადრიდი მოექცა, სადაც დღის მეორე ნახევარში კაკას „ანჟისთან“ ოფიციალური ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა.
მოლოდინი ამაო აღმოჩნდა, რადგან პელეს თანამემამულის შორეულ დაღესტანში გადასვლა ესპანური გაზეთის მიერ გავრცელებული შეუმოწმებელი ცნობა გამოდგა.
თავდაპირველად ხმა „ანჟის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გერმან ტკაჩენკომ ამოიღო, რომელმაც განაცხადა რომ კაკას შეძენის თაობაზე მადრიდელებთან არანაირი მოლაპარაკება არ გააჩნდათ.
შემდეგ ასპარეზზე რუსული გუნდის ბრაზილიელი სპორტული დირექტორი რობერტო კარლოსი გამოვიდა. „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ ტკაჩენკოს სიტყვები გაიმეორა და კაკას მიმართ კლუბის ინტერესი არ დაადასტურა.
დღეს დილით ესპანურ მას-მედიას დაღესტნური გუნდის მთავარი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი ესაუბრა. ჰოლანდიელმა საზოგადოებას უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.
„ამ დღეებში ესპანეთში ვიმყოფებით და მომავალი სეზონისთვის ვემზადებით. რამდენიმე დღის წინ გამოცემა „AS”-ის ჟურნალისტი მეწვია და ვრცელი ინტერვიუ ჩამომართვა. საუბრის დროს აზრი გამოვთქვი, რომ თუ შესაძლებლობა მომეცემოდა „ანჟიში“ კაკას აუცილებლად დავიმატებდი.
ორი დღის წინ რობერტო კარლოსი მადრიდში გაემგზავრა და „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. მოგეხსენებათ, 30 იანვარს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე ადგილობრივი „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასის პირველ შეხვედრაში კატალონიურ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. კარლოსი „ანჟის“ მოთამაშეებისთვის ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების სათხოვნელად წავიდა. მას სურდა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ერთგვარი სიურპრიზი მოეწყო.
გამოცემა „AS”-მა კარლოსის ვიზიტი კაკას მოსალოდნელ გაყიდვას დაუკავშირა. სამწუხაროდ ესპანელმა ჟურნალისტებმა შეუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს, მოგვიანებით კი მათ რუსულმა მას-მედიამაც მიბაძა.
მიმაჩნია რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო პრესის წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.“ - განაცხადა გუუს ჰიდინკმა.