„საქართველოს პროკურატურა! დროულად დაუბრუნდით გარეჯის თემას! ეს ის საკითხია, რომელიც საჯარო განხილვას მოითხოვს!“, – ამ ფრაზით მიმართავს ანალიტიკოსი ხათუნა ხოფერია გენერალურ პროკურატურას და მიმართავს გააანალიზონ რა მიზანს ემსახურებოდა გიორგი თარგამაძის მიერ მომზადებული გადაცემა – „რატომ არის უვარგისი რუსეთიდან ჩამოტანილი რუკები“. როგორც ხოფერია აცხადებს, ის, რომ ამ არხმა თემა წამოწია, ნიშნავს მხოლოდ ერთს – დაიწყოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მომზადება საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.
for.ge ხათუნა ხოფერიას ესაუბრა.
დავით გარეჯის შესახებ გიორგი თარგამაძის გადაცემის მიზანი ნათელია. მაღალი საზოგადეობრივი ინტერესია ამ საქმის მიმართ, როგორ ფიქრობთ, შეძლებს პროკურატურა გამოცდის ჩაბარებას?
ხათუნა ხოფერია: კომისიის ერთ–ერთ წევრს ვესაუბრე, რომელიც ბახტაძის დროს იყო ამ კომისიის წევრი, ასეთი ფრაზა მითხრა: ჩვენ ვითხოვდით ამ რუკებს, ესენი რუკებს არ გვაჩვენებდნენ და მერე ვთქვით, საერთოდ რატომ ვიკრიბებითო. ის რუკები, რომელზეც ახლა თარგამაძე უსირცხვილოდ ამბობს, რომ არის უვარგისი, ამ რუკებს უმალავდნენ კომისიის წევრებს და არ აჩვენებდნენ.
რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციურმა ფრთამ, რომ დავით გარეჯის საქმე წინასაარჩევნოდ იყო წამოწეული, ასე არ არის. ეს თემა ხელისუფლების და რიგითი ადამიანების მხრიდან არ გამხდარა წინასაარჩევნო ვაჭრობის თემად. გარკვეულ ეტაპზე თემა გაჩერდა და მიჩუმდა. ისე ჩავატარეთ არჩევნები, ისე მიდის მოლაპარაკებები, რომ ამ თემას არ ეხებიან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაც მიხვდა, იციან, რომ დავით გარეჯის საქმე არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება რამისთვის გამოიყენო.
ეს არის თემა, რომელსაც აპრიორი განსაზღვრული აქვს თავისი ფინალი. ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია, ჩვენი სამშობლო, ჩვენი სალოცავი. პოლიტიკურმა ცვლილებებმა ჩაირა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა აზერბაიჯანში, შეცვლილია კავკასიის გეოსტრატეგიული მდგომარეობა, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჯახი მიდის, ბევრი რამეა გადასაწყეტი და ამას ადასტურებს მაიკ პომპეოს ვიზიტი. ამ სიტუაციაში აბსოლუტურად არ ველოდი, რომ ოპოზიციის მხრიდან მოხდებოდა ამ თემის გაჟღერება, რადგან თითქოს თემა არის გაჩერებული და ყველანი ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას.
საკმაოდ მაღალ დონეზე აწია ეს საქმე პროკურატურამ, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს თემა არის გაჩერებული, რატომ?
– მე, რომელსაც მაქვს ჩემი კონტაქტები და პოლიტიკური გამოცდილება, ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელი იყო გიორგი თარგამაძის ეს სიუჟეტი. რა თქმა უნდა, ეს გადაცემა არ არის გიორგი თარგამაძის მონდომებით გაკეთებული, რადგან ეს არ არის თარგამაძის ინტერესის სფერო, მაგრამ არის დაკვეთით გაკეთებული გადაცემა, საკმაოდ კარგად მომზადებული - თემატურად სად უნდა დაისვას კითხვის ნიშნები. რადგან ასეთ სიტუაციაში კეთდება დაკვეთა, ე.ი. ადამიანების გარკვეული წრე და ეს არ არის ის ორი ადამიანი, რომელიც დღეს ციხეში ზის, ეს არის პოლიტიკოსების გარკვეული წრე, ვისაც შეუძლიათ ასეთი ძლიერი პოლიტიკური დაკვეთის გაკეთება, არიან შეშინებულები.
რისი შეიძლება მათ ეშინოდეთ?
– დაწყებულია გამოძიება, არსებობს მასალები და შედეგიც ვიცით. საზოგადოებაში არის მოლოდინები და ვიცით, რომ ფინალი უნდა იყოს დამნაშვეების დასჯა. შესაბამისად, მათაც იციან, რომ საზოგადოების მხრიდან არის დაკვეთა, გამოძიების დასრულება და დამნაშავეების დასჯა. არის მოლოდინი, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შესაბამისად, თარგამაძის ეს გადაცემა გვეუბნება, რომ ისინი ემზადებიან ბრძოლისთვის. დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ შეამზადონ საზოგადოება. ეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოაქციონ თავიანთი საინფორმაციო მედია გავლენის ქვეშ, მიაწოდან რაღაც რეცეპტები, პირველ რიგში, მოამზადონ თავისი მხარდამჭერები, მაგრამ მერყევი ადამიანების ნაწილში გამოიწვიონ კითხვის ნიშნები, შემდეგ, უკვე, ჩაებან აქტიურ ბრძოლაში. ანუ, ისინი გადადიან თავდაცვაზე. ე.ი. თუ ისინი გადადიან თავდაცვაზე, ბრძოლა დაწყებულია. ამ სიტუაციაში პროკურატურამ აუცილებლად უნდა გვითხრას, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა, არ არის ის თემა, რომელზეც ხელისუფლებამ შეიძლება უთხრას საზოგადოებას, ვიძიებთ, გვაცალეთ საქმის კეთება, გარეჯის საქმე ამ კატეგორიის საკითხებს არ მიეკუთვნება. ეს არის თემა, რომელზეც ყოვედღიურად თუ არა, სამ დღეში ერთხელ პროკურატურა უნდა ატარებდეს ბრიფინგს და საზოგადოებას აწვდიდეს ყველა იმ ინფორმაციას, რომელის მისი მხრიდან იქნება მოპოვებული.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პრობლემის წინაშე საზოგადოების მხრიდან მიტოვებული არიან გარეჯელი ბერები, მეორე მხარე გამოდის, ცილს წამებს გარეჯში მოღვაწე ბერებს და ამაზე საზოგადოებას არ აქვს შესაბამისი რეაქცია. ხომ არ გეგმავთ თქვენი მხრიდან აქტიურობას, ვხედავთ, რომ მეორე მხარემ მიზანმიმართულად დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება...
– პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა გარეჯელ ბერებს, იმ სასულიერო და საერო პოზიციისთვის, რომელიც მათ უკავიათ, იმ პატრიოტიზმისთვის, ქართველობისთვის, რომელიც მათ ძალიან მძიმე დღეებში გვიჩვენეს და დაგვიმტკიცეს. ერთი წუთით არ იფიქრონ, რომ საზოგადოების მხრიდან მარტო არიან მიტოვებული. დავით გარეჯი არ არის ის თემა, სადაც ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ახლა უნდა დავისვენო. ეს არის თემა, რომელიც სიცოცხლეზე მეტია.
მე იმიტომ მივმართე პროკურატურას და ვუთხარი, რომ დრო გავიდა. ახლა ის დროა, პროკურატურამ გაიხსენოს, რომ ჩვენ, ადამიანები ცოცხლები ვართ, რომლებიც ამ საკითხს თავს არ დავანებებთ გარეჯელ ბერებთან და სრულად საქართველოს მოაზროვნე საზოგადოებასთან ერთად. ნახეთ როგორ არის – ტელევიზია „ფორმულა“ ცნობილია, როგორც დავით კეზერაშვილის ტელევიზია, ის აფინანსებს, ეს ფაქტიც საკმაოდ მძიმეა აღსაქმელად. ადამიანი, რომელიც მძიმე საქმეზე არის ბრალდებული, საქართველოში ფლობს საინფორმაციო საშუალებას. მაგრამ, კეზერაშვილი არ არის მარტო. მას ეს ტელევიზია იმისთვის არ გაუკეთებია, რომ დიდი „ტელევიზიონშიკი“ მყავს და მაინცდამაინც თავისი მხარე გამოაჩინოს, არა., ეს იყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთა, რომ მას უნდა გადაეხადა თანხები იმისთვის, რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო საქართველოში.
ვინ არიან ის ადამიანები, ვისგანაც ეს პოლიტიკური შეკვეთა მიიღო კეზერაშვილმა?
– ეს არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც იმყოფებიან რუსეთში. ეს არის ბეჟუაშვილის ფრთა და მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის მარტო ბიზნესმენი ბეჟუაშვილი, ეს არის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ძმა, რომლის მინისტრობის პერიოდშიც მუშაობდა ეს კომისია, რომლის დროს იქნა ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიღებული. სწორედ, ამ ბეჟუაშვილის მოადგილემ, პროტესტის ნიშნად, ხელი არ მოაწერა ამ გადაწყვეტილებას. ანუ, თუ მინისტრის მოადგილე აპროტესტებდა კომისიის გადაწყვეტილებას და დატოვა თანამდებობა, რა გამოდის? – ე.ი. მინისტრს სხვა პოზიცია ჰქონდა. ასე არაა, რომ მარტო ტელევიზიამ გააკეთა გადაცემა, ეს არის თვალნათელი ფაქტი იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური წრე და გარკევული ბიზნესმენები თავის გადარჩენისთვის იწყებენ ბრძოლას.
მცდელობა სახეზეა, მაგრამ რამდენად შეძლებენ თავის გადარჩენას?
– არის საკითხები, რომელიც არ შეძლება გახდეს სპეკულაციის და მოლაპარაკებების საგანი. იმდენად აღვირახსნილი იყო თარგამაძის გადაცემა, რომ პროკურატურამ, ხელისუფლებამ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ელიტამაც უნდა იცოდნენ, რომ არსებობს საკითხები, რომელსაც ისინი ვერასოდეს ვერ გამოიყენებენ პოლიტიკური ვაჭრობის თემად.
შეიძლება პრემიერ–მინისტრის მკვლელობის საქმე გამოიყენონ და იქნა კიდეც გამოყენებული გარკვეული ვაჭრობის და ვიღაცეების გადარჩენისთვის, მაგრამ დავით გარეჯის თემა არასოდეს არ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის თემა და მით უმეტეს ქვეყნის შიგნით. გაითვალისწინონ, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს მოაზროვნე საზოგადოების კონსოლიდაცია და არა მარტო ქუჩაში გამოიყვანოს. საზოგადოების მხრიდან კომპრომისი არ იქნება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვისი სახელიც არ უნდა დაერქვას ამ საქმეს. კომპრომისი გამორიცხულია.
თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არ ყოფილიყო დაკვეთა, თარგამაძე ვერ გაბედავდა ამ შინაარსის გადაცემის გაკეთებას. როგორ ფიქრობთ, რა ჯგუფზეა გათვლილი ეს გადაცემა?
– რასაკვირველია, ეს არის დაკვეთა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის – გატესტვა. ასეთ თემებს ესენი, ალბათ, ძალიან ბევრს შემოაგდებენ, სხვა გამოსავალი არ აქვთ. ახლა გაიტესტა კარტოგრაფიული რუკები და სიტყვა უვარგისი იხმარეს. გატესტეს ეს თემა, აბა რამდენად შეიძლება რუკების საკითხი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ. პარალელურ რეჟიმში გატესტეს ის ქალი, რომელიც ზის საპატიმროში და მისი მოწოდება, რომ საქართველო მისი სამშობლოა, ძალიან უყვარს მისი პროფესია, როგორ იმუშავებს საზოგადოებაზე.
მათ იციან რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ჩამოაყალიბონ საზოგადოებრივი აზრი. მაგრამ მეორე საკითხია რამდენად მივცემთ ჩვენ ამის საშუალებას. ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, უნდა დავუმტკიცოთ და იცოდნენ, რომ ასეთი სისულელეები აღარ აკეთონ. გიორგი თარგამაძეს შვილები ეზრდება, ძალიან კარგი გოგოები ჰყავს და ოჯახი აქვს. არ მესმის, რა შეიძლება გადაგიხადონ, რა შეიძლება შეგპირდნენ, რომ ასეთი რამ გააკეთო ქართველმა კაცმა. ეს არის წარმოუდგენელი.
საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ პროკურატურას, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ კარგად დაფინანსებული ტელევიზია, საკმაოდ ბევრს იხდის ასეთ გადაცემაში, ამ თემის მიჩქმალვაში და ვიღაცეების გადარჩენაში. დიახ, ამ გადაცემაში ძალიან ბევრი ფული იქნება გადახდილი. მაგრამ ეს არის თემა, რომელსაც ვერც ვერავინ იყიდის და ვერც ვერავინ გაყიდის.
გასაგებია, რომ უმძიმეს საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე რთულია პროკურატურამ საქმის დეტალებზე ისაუბროს, მაგრამ, ალბათ, რაღაცა დოზით, თუნდაც მწირი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას უპრიანი იქნება...
– არანაირი მწირი ინფორმაცია, ყველა ახალი ინფორმაცია, სამხილი უნდა გვითხრან. მით უმეტეს, რომ მეორე მხარემ ძალიან უსინდისოდ დაიწყო ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხი უნდა იყოს გამჭვირვალე. როგორც არასდროს ისე დასჭირდება პროკურატურას საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურამ თვითონ უნდა მოინდომოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს მის მხარეს. მივმართავ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს თხოვნით და მოთხოვნით, რომ კარგად გააცნობიერონ და შეისწავლონ გიორგი თარგამაძის გადაცემა. კარგად გაარკვიონ, გააანალიზონ რას ისახავდა მიზნად ეს გადაცემა. უბრალოდ ვთხოვ, მეტი პატივი სცეს მოაზროვნე საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს ხალხი დადგეს მათ გვერდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკითხი საზოგადოების მხადაჭერის გარეშე ვერ გადაწყდება. საზოგადოებისთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, საზოგადოება ელოდება დავით გარეჯის ტერიტორიების აღიარებას და დამნაშავეების დასჯას, რომლებსაც ამ მიწების გაყიდვის მცდელობა ჰქონდათ. დიახ, ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, სხვა გამოსავლი არ არის. თუ ასე არ იქნება, ამას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ქართული სახელმწიფოსთვის, საქართველოს პროკურატურისთვის და ხელისუფლებისთვის.
არის მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და ამ ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენი სალოცავის გასხვისებაში, იქნებიან დასჯილი. ვინ აპატიებს მათ ამ დანაშაულს?! თუ მათ ჰგონიათ, რომ ლიახვის ხეობა და კოდორის ხეობა შერჩათ, ესეც შეჩებათ, - არა! ამიტომ, საქართველოს პროკურატურამ კარგად გააანალიზოს ეს საკითხი. დასხდნენ ის ადამიანები, რომლებსაც მართლა უყვართ სამშობლო და არა ისინი, ვინც კოაბიტირებული ჰყავთ. ჩამოიცილონ ეს ადამიანები და მიხედონ საქმეს. ეს არის ურთულესი თემა, რომელიც ასე ჩვეულებრივად არ დასრულდება.