გუშინ ბრიტანულმა ვებ-გვერდმა „Ananova” საინტერესო და სახალისო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
კორნუელის საგრაფოში მდებარე პატარა ქალაქ ნიუკვაის მაშველებმა დახრჩობას მთვრალი პონი გადაარჩინეს. თურმე ცხოველი დამპალ ვაშლებს მიაძღა, კარგა გვარიანად გამოთვრა და წყლით სავსე აუზში ჩავარდა.
ოთხფეხა „ალკოჰოლიკის“ პატრონი ვინმე სარა პენჰელგონია, თავად ცხოველის სახელი კი ფეტ ბოი გახლავთ. ბახუსის მოყვარული პონი რაღაც მაქინაციებით საჯინიბოდან გამოიპარა, ხეხილის ბაღში შეიპარა და მიწაზე მიმოფანტულ ლპობაშეპარულ ვაშლებს მიეძალა.
ალკოჰოლი ზრდასრულ ადამიანებზე „განსაკუთრებულად“ მოქმედებს და წარმოიდგინეთ საცოდავ პონის რა დაემართებოდა? ფეტ ბოიმ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, უაზრო ხეტიალი დაიწყო, საცურაო აუზს მიადგა და „გამოსაფხიზლებლად“ ყინულივით ცივ წყალში ისკუპა.
ეს „ინციდენტი“ ღამის საათებში დაფიქსირდა. პონი სახელად ფეტი ნამდვილად დაიხრჩობოდა, მისი პატრონის ფხიზელი ძილი რომ არა. 28 წლის სარას წყლის შხაპუნის ხმაზე გამოეღვიძა და გარეთ გაიხედა. წარმოიდგინეთ ქალის გაკვირვება, როდესაც საცურაო აუზში მოფართხალე ცხოველი დაინახა.
სარა მიხვდა, რომ ფეტ ბოის საკუთარი ძალებით ვერ გადაარჩენდა და მაშველები გამოიძახა. ცოტა ხანში, ქალაქ ნიუკვაის სახანძრო ბრიგადა გამოძახების ადგილას გამოცხადდა.
პონის „გადარჩენის“ ოპერაცია თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბახუსით „გამხიარებული“ ფეტ ბოი მაშველებს ახლოს არ იკარებდა. მისი ცდუნება „გემრიელი“ თივის დოზითაც ვერ შეძლეს. ცხოველი მხოლოდ წყალში გადაყრილ დამპალ ვაშლებს ეკარებოდა.
ბოლოს და ბოლოს ზამთრის ცივ წყალში პონი შედარებით „გამოფხიზლდა“ და მაშველებმა ტყავის ქამრის მეშვეობით აუზიდან მისი ამოყვანა შეძლეს. ოპერაცია „მთვრალი პონი“ დილის ხუთ საათზე დასრულდა.
ბრიტანული ვებ-გვერდის ცნობით, მომდევნო ორი დღე სასტიკ პახმელიაზე მყოფი ფესტ ბოი საჯინობოში გაუნძრევლად იწვა და მოძალებულ თავის ტკივილს გმირულად უმკლავდებოდა.