პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა

პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა

პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ამ თემაზე გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად.

„ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რასაც ადასტურებს პარლამენტში გასული პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა, ერთი, და არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური ადგილების - მესამედზე თითქმის მეტი. ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს დემოკრატიული პროცესი იყო სწორი. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ დაგვავალეს, ყველას ერთად, ცხრა პარტიას: „ამ პანდემიის კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა და ერთად მართეთ ქვეყანა, ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 9 პარტია.