პრეზიდენტს ქვეყნის გადარჩენის ახალი ეკონომიკური გეგმა აქვს. მართალია, ამ გეგმაში ახალი არაფერი არ არის და ის, რაზეც სააკაშვილი დიდი ზარზეიმით ილაპარაკა, ზუსტად სამი თვის წინ ასეთივე ზარზეიმით დაამტკიცა პარლამენტმა. შეგახსენებთ, რომ საუბარია ახალ საგადასახადო კოდექსზე, რომელმაც მეწარმეებს სულის მოთქმის საშუალება უნდა მისცეს.
მართალია, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაგრამ ზუსტად სამი თვის წინათ მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა, რომელიც ძალაში მხოლოდ 1-ელ იანვარს შედის, დაძველება როდის მოასწრო გაუგებარია. თან ისე, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება თავიდან აპიარებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გუშინ ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს მათივე მიღებული კანონი ახალ ეკონომიკურ კურსად გააცნო და ამაზე პროტესტი არც არავის გამოუთქვამს.
ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის მტკიცებით, „მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ბიზნესმა საგადასახადო ორგანოები არა ჩასაფრებულ სუბიექტებად, არამედ საკუთარ პარტნიორად აღიქვას“.
ალბათ, გეცნოთ ეს წინადადებები და არც არის გასაკვირი, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი მუშავდებოდა, ზუსტად იგივე ფრაზები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ ითქვა. რაც მთავარია, ბაინდურაშვილი პარლამენტში იმისთვის იყო მისული, რომ დეპუტატებისთვის ე.წ. ახალი ეკონომიკური კურსის დეტალები გაეცნო, მან კი ისევ ახალი საგადასახადო კოდექსზე ისაუბრა და 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი დებულებების მორიგი პრეზენტაცია მოაწყო.
კერძოდ, ბაინდურაშვილის თქმით, მცირე ბიზნესისათვის საგადასახადო რეგულირება მარტივდება და 3-5%-იანი ბრუნვის მქონე გადამხდელი უფლებამოსილი ხდება, გამარტივებული ბუღალტერია აწარმოოს. მინისტრმა საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნული ინსტიტუტის შემოღებით გადამხდელებს ინტერესების დაცვისა და დარღვეული უფლებების აღდგენის გარანტია მისცა.
ფინანასთა მინისტრი აქცენტს ე.წ. „პატიოსნების პრინციპის“ შემოღებაზეც აკეთებს და განმარტავს, რომ თუკი გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია შეცდომით, არცოდნით და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას არ ისახავდა მიზნად, იგი სანქციისაგან გათავისფლდება.
„ახალი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახური მოტივაციას უქმნის პატიოსან გადამხდელებს და ახალისებს სხვადასხვა დამატებითი მომსახურებით, როგორიცაა, მაგალითად, „ოქროს სია“. გადამხდელს უფლება ენიჭება, თამაშის წესები და დაბეგრვის პირობები შემოსავლების სამსახურთან წინასწარ შეათანხმოს. გარდა ამისა, შემოდის პირადი საგადასახადო აგენტის ცნება. ეს პირი გადამხდელის ინტერესებს შემოსავლების სამსახურში იცავს, მას კონსულტირებას უწევს და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
გარდა ამისა, როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, 2011 წლიდან დაჯარიმების ნაცვლად, მეწარმეთა გაფრთხილება იგეგმება. კერძოდ, სალარო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფულადი ჯარიმის ნაცვლად, გადამხდელის მიმართ შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს გაფრთხილება.
მისივე თქმით, შემოდის დღგ-ით დაბეგრვის სპეციალური რეჟიმი, რომლის თანახმად, გადამხდელი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ის სახით 200 000 ლარი გადაიხადა, იმპორტისას დგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება, რაც, ბაინდურაშვილის შეფასებით, „სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში განხორცილებული ინვესტიციის ტოლფასია“.
მინისტრმა გადასახადების კვარტალური დეკლარირების ნოვაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დასაბეგრი ოპერაციების საანგარიშო პერიოდი, ნაცვლად ყოველთვიურისა, ეტაპობრივად, კვარტალურად ტრანსფორმირდება. მისივე თქმით, გადამხდელს უფლება ენიჭა, შემოსავლების სამსახურისგან მისთვის მოსახერხებელ პერიოდში საგადასახადო შემოწმების ჩატარება მოითხოვოს, რაც „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს უზრუნველყოფს“.
ამ ყველაფრის დასკვნის სახით კი აღნიშნა, რომ „დღეს მზად ვართ, დავიწყოთ ახალი ეკონომიკური კურსი, რომლის მიზანიც იქნება მომდევნო თვეების განმავლობაში, სავარაუდოდ, 2011 წლის პირველ ნახევარში, ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც დღეს ბიზნეს აწუხებს“.
ფაქტია, რომ ამაში ახალი არაფერი არ არის, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ისეთი აღფრთოვანებული შეხვდა, თითქოს აღნიშნული კანონი თავად არ დაემტკიბენოს. თუმცა, ვერც ამ ხალხს გაამტყუნებ, რადგან ძირითადად, ხმას იმის მიხედვით აძლევენ, ხელმძღვანელობა რა მითითებებსაც მისცემს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე კი აცხადებს, რომ ამაში ახალი არაფერი არ არის და აინტერესებს, ახალ კურსში რა იგულისხმება.
ამასთან, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ თუკი ხელისუფლებას რეალურად სურს ბიზნესისადმი მიდგომის შეცვლა, მაშინ უკვე დასჯილი ბიზნესმენებისა და მეწარმეების მიმართ ლმობიერება უნდა გამოიჩინოს.
„მთავრობას ვთავაზობთ, იმ ბიზნესმენებისა და მეწარმეების საქმეები, რომლებიც გადასახადების გამო დაისაჯნენ და მაღალი საურავები აქვთ დაკისრებული, გადაიხედოს. ეს ნამდვილად ახალი ეკონომიკური კურსისა და მიდგომის დადასტურება იქნება. თუკი ბიზნესმა საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა ისწავლა, მაშინ საჭიროა, მის მიმართაც მეტი სულგრძელობა გამოვიჩინოთ. ბიზნესს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით აქტივობა ხელმეორედ გააგრძელოს“, - აცხადებს თარგამაძე.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას ამ საკითხის გაგონებაც არ უნდა და ისევ უპასუხოდ რჩება კითხვა, თუ რა არის ხელისუფლების „ახალ ეკონომიკურ ხედვაში“ ახალი.