ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „მილანის“ 39 წლის ფორვარდმა ეს პრიზი კარიერაში მეთორმეტედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას SempreMilan-ი ავრცელებს.
სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩს 2007 წლიდან, 2016 წლამდე ზედიზედ აღიარებდნენ, ხოლო 2019 და 2020 წლებში კი ეს ჯილდო კიდევ ორჯერ მიიღო.
ზლატანი მიმდინარე სეზონში ფენომენალურად თამაშობს და 6 შეხვედრაში გატანილი 10 გოლით იტალიის სერია ა-ს ბომბარდირთა დავის ლიდერია. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, ეროვნულ გუნდში თამაშს მან თავი 2016 წელს დაანება, იქამდე კი ჩატარებულ 116 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა.