ვის გულისხმობდა ლევან რატიანი? – „ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია პროცესი მართოს“

ვის გულისხმობდა ლევან რატიანი? – „ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია პროცესი მართოს“

ოპოზიციურ სპექტრთან ერთად, ჯანდაცვის სექტორსა და მინისტრს უკვე ექიმების ნაწილიც აკრიტიკებს. ეს ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ჯანდაცვის მინისტრი კარგად ვერ მართავს და სწორედ ამის შედეგია ეპიდვითარების გაუარესებაც. კლინიკების დირექტორები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საწოლფონდი საკმარისი არ არის და ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული კრიზისი დაიწყო, რასაც ეს სექტორი დიდხანს ვერ გაუძლებს. თუმცა, ამის ფონზე, ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებს, რომ საავადმოყოფოების დიდი ნაწილი მომარაგებულია შესაბამისი აჭურვილობით და არც საწოლების დეფიციტი შეინიშნება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძეს დაუპირისპირდა და ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, რასაც თავად ტიკარაძე კატეგორიულად უარყოფს და ახლაც საპირისპიროს ამტკიცებს. მინისტრი აცხადებს, რომ პოსტის დატოვებას არ გეგმავს და არც ის კრიტიკა მიუღია სათავისოდ, რომელიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გამოთქვა.

„ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია ეს პროცესი მართოს“,  - თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, თუმცა, ლევან რატიანს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს.

ამის საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქედმაღალობა და თავდაჯერებულობა არ ახასიათებს და არც ეს კრიტიკა ეკუთვნის მას.

„მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია და შეფასება არ დაემთხვა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნაწილის აზრს. ინფექციონისტების ერთი ნაწილი ეპიდვითარების გაუარესებაში სწორედ ეკატერინე ტიკარაძეს ადანაშუალებს და მიიჩნევს, რომ მან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. თუმცა, მეორე ნაწილი თვლის, რომ არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს, პირველ რიგში კი, გიორგი გახარია, რომელმაც „ფხა მხოლოდ ახლა გამოაჩინა“.

ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირების შესახებ.

„როგორ მიკლავთ ხალხს?!“, – „2020NEWS“-ის მიერ 24 ნოემბერს გავრცელებული ამ ინფორმაციის თანხმად, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სექტორსა და მინისტრს შიდა შეხვედრაზე. სააგენტოს ცნობითვე, ამავე სხდომაზე გიორგი გახარიამ საწოლფონდის უქონლობისა და უამრავი ინფიცირებული ადამიანის საავადმყოფოს გარეთ დარჩენის გამო, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ წევრი და ექიმი ლადო კახაძე. იგი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს თუ რა საუბარი შედგა გიორგი გახარიასა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის. როგორც მან For.ge-ს განუცხადა, პანდემია მთელ მსოფლოში არის და საქართველო მთელი ძალისხმევით ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ მდგომარეობას და მხოლოდ ცალკეული პირების გამოყოფა ამ შემთხვევაში, არასწორია.

„მე თვითონ არ ვარ მონაწილე და არ ვიცი დასაბუთებულად იმის თქმა, რა საუბარი შედგა მათ შორის. დღეს არსებული რეალობა არის საკმაოდ გამომწვევი და ძალიან რთული. არსებობს ჰიბრიდული კლინიკები, სადაც საწოლ-ფონდი შენარჩუნებულია. მესმის, რომ არსებობს შიში და ბევრ შემთხვევაში გაურკვევლობაც. მე ასეთი კატეგორიულობით ვერ შევაფასებ ვერც ერთ ნამოქმედარს. ეს არის კოლექტიური გამოწვევა და პრობლემა.

დავამატეთ კოვიდ-საწოლები, თუმცა, რა ვუყოთ სხვა შემთხვევებს, რომლებიც კოვიდთან ერთად შეიძლება განვითარდეს?! კადრი გვყავს, რომელმაც მოასწრო პირველი შეკავების ფაზაში გადამზადება. აღმოჩნდა, რომ ეს ვირუსი ზოგში უსიმპტომოდ, ზოგში ძალიან მსუბუქად და ზოგში კიდევ გართულებებით მიმდინარეობს. ჩვენმა საწოლფონდმა არასწორად მიმართულ ტალღას შეიძლება ვერ გაუძლოს. ეს არის ის, რაც მოვახერხეთ, შევძელით და თუ ერთმანეთის ჯინაზე მოვიქეცით, ცუდად წავა საქმე.

ცილს გვწამებენ, რა გააკეთა ხელისუფალმა ამ სამი თვის განმავლობაშიო. ეს არის პანდემია დედამიწაზე, მხოლოდ ჩვენი დაავადება ხომ არ არის?! ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მაგალითზე ვსწავლობთ, ან ჩვენგან სწავლობენ. არსებული ეპიდვითარების ფონზე, ჩვენ რისი მართვა და რისი შესაძლებლობაც გვქონდა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, რა პოტენციალიც გააჩნდა ქვეყანას, როგორც პროფესიული, ასევე მედიკამეტების კუთხით, მგონია, რომ უმართავი ვითარება არ არის. შეიძლება გამოწვევის წინაშე დგას და ასამაღლებელია ოპერატიული მართვა, მაგრამ ამას პირდაპირ მედიცინას ვერ მივაბამ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლა მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს და რეალურად, მასთან ერთად პოსტი პრემიერ-მინისტრმაც უნდა დატოვოს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თუკი მართვის სადავე სხვას არ გადაეცემა, ქვეყანა კატასტოფის წინაშე დადგება.

„მე ვითხოვ გადადგეს გახარია. ამ შემთხვევაში ტიკარაძე არაფერ შუაში არ არის, მაშინ მთელი კაბინეტი უნდა წავიდეს. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ტიკარაძის საქმე. როდესაც ამ თანამდებობაზე დანიშნეს, მაშინ უნდა გამოეჩინა ბატონ პრემიერ-მინისტრს ფხა, ახლა რომ ითხოვს მის წასვლას. ტიკარაძის გამოცვლით არაფერი შეიცვლება. უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება, მოვიდნენ პროფესიონალები, ის ადამიანები, ვისაც გამოცდილება და ცოდნა აქვთ, ასევე თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.

თუ ამათმა გააგრძელეს მართვა და არ შეცვალეს, ქვეყანა კატასტროფის წინაშე დადგება. „ლოკდაუნიც“ რომ გამოვაცხადოთ, შემდეგ იმისგან გამოსვლა შეუძლებელი იქნება. შედეგად შეიძლება დაიწყოს სოციალური ბუნტი, სამოქალაქო ომიც კი მოჰყვეს. ამბიციები გვერდზე გადავდოთ. ტიკარაძის გადადგომა-არგადადგომას არავითარი შედეგი არ ექნება“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ For.ge-სთან.