იანვრის საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო დარჩა.
დღევანდელი დღის უმთავრესი სპორტული მოვლენები ორი ფეხბურთელის მომავალს უკავშირდება.
ბრაზილიელი კაკა მახაჩკალის „ანჟიში“ გადასვლასთან ახლოს იმყოფება და თუ ჩვენს ესპანელ კოლეგებს დავუჯერებთ, სულეიმან ქერიმოვის გუნდთან ხელშეკრულებას საღამოს გააფორმებს.
დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ამჟამინდელ გუნდში 2018 წლამდე დარჩება.
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა რომ დიეგო მარადონას თანამემამულეს მომავალი ხელშეკრულების თაობაზე უკვე მოელაპარაკა.
საინტერესოა რომ ბოლო კვირის განმავლობაში კატალონიურმა გუნდმა ახალი კონტრაქტები კარლეს პუიოლსა და ხავის გაუფორმა. რიგში კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი დგას, რომელსაც ზაფხულში „ბარსელონას“ დატოვება სურს. სანდრო როსელი იმედს არ კარგავს რომ მეკარესთან სასურველ შეთანხმებას მიაღწევს და 2018 წლის დასაწყისამდე დაიტოვებს.
გაგაცნობთ დღეს დილით გავრცელებულ სხვა სატრანსფერო სიახლეებს.
იტალიური „La Gazzetta Dello Sport”-ის ცნობით, „მილანმა“ თავდამსხმელ სტეფან ელ-შაარავის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. გუნდი ახალგაზრდა შემტევის დატოვებას 2018 წლის ბოლომდე შეეცდება. ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად, ელ-შაარავი კლუბს 2017 წლამდე ეკუთვნის. ფეხბურთელის ანაზღაურება წელიწადში 800 ათასი ევროა. თუ სტეფანმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა მისი ხელფასი გაცილებით გაიზრდება.
გერმანული „Hamburger Morgenpost”-ის მტკიცებით, „ჰამბურგის“ კორეელი თავდამსხმელი სონ ხენ მინი კლუბის დატოვებას აპირებს. აზიელის შეძენით ბრიტანული კლუბები „ტოტენჰემი“, „არსენალი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებულები. სონ ხენ მინის გასაყიდი ფასი 10 მილიონი ევროა. სავარაუდოდ უახლოეს ორ დღეში ფეხბურთელი „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში გადაბარგდება.
გამოცემა „Daily Mail”-ის ინფორმაციით, მიონჰენგლადბახის „ბორუსიას“ ბელგიელი თავდამსხმელი იგორ დე კამარგო კარიერას ბრიტანულ „ფულჰემში“ გააგრძელებს. ინგლისელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.4 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ესპანური „სევილიას“ 25 წლის არგენტინელი მცველი ფედერიკო ფასიო სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადავიდა. რუსულ გუნდს მისი ტრანსფერი ექვსი მილიონი ევრო დაუჯდა.
გუშინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კლუბი „რომას“ ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანის გათავისუფლებას აპირებენ. მოარული ხმებით მის ადგილს ცნობილი ფრანგი ფეხბურთის სპეციალისტი ლორან ბლანი დაიკავებდა. ერთი საათის წინ გამოცემა „L’ Equipe”-სთან საუბრისას ბლანმა განაცხადა, რომ ქალაქ რომში გადასვლას კატეგორიულად არ აპირებს.