რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „As” და რუსულმა სპორტულმა მას-მედიამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყოფილი ლიდერი, ამჟამად მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი კაკა მახაჩკალის „ანჟიში“ გადავიდა.
ესპანური გამოცემის მტკიცებით, ეს ტრანსფერი საბოლოოდ შეთანხმებულია და სამხრეთ ამერიკელი დღეს სულეიმან ქერიმოვის კლუბთან ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.
„ანჟის“ სპორტული დირექტორი რობერტო კარლოსი ამ დღეებში ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება და ყოფილი გუნდის ხელმძღვანელობას რამდენჯერმე შეხვდა. მოლაპარაკების უმთავრესი მიზეზი კაკას შეძენის თემა გახლდათ.
ბოლო წლის განმავლობაში ბრაზილიელი ნახევარმცველი „სამეფო გუნდის“ დატოვებას უშედეგოდ ცდილობდა. 2012 წლის ზაფხულში კარიერა ჯერ „პარი სენ ჟერმენში უნდა გაეგრძელებინა, ამ ვარიანტის ჩაშლის შემდეგ კი კლუბ „მილანში“ უნდა გადაბარგებულიყო.
ფეხბურთელის სამწუხაროდ მადრიდში დარჩენა მოუწია და ბატონმა ჟოზე მოურინიომ ის სათადარიგოთა სკამის მუდმივ ბინადრად გადააქცია.
წინა კვირას „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ კაკას დაბრუნება კვლავ გადაწყვიტა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. შემდეგ „გალათასარაი“ გააქტიურდა და დროგბასა და ვესლი სნეიდერის ყიდვის შემდეგ კაკაც მოინდომა. ბრაზილიელს თურქულ საფეხბურთო პირველობაზე ასპარეზობა არ ეწერა, რადგან „რეალმა“ მაღალი ფასი დაადო და „გალას“ ხელმძღვანელობას უკან დახევა მოუწია.
კაკა უთამაშოდ მაინც არ დარჩა. „ანჟის“ მფლობელმა სულეიმან ქერიმოვმა რობერტო კარლოსი სასწრაფოდ მადრიდს მიავლინა და „რეალის“ მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო ღირებულება ულაპარაკოდ გადაიხადა.
ჯერჯერობით უცნობია ბრაზილიელი რა თანხად გაიყიდა და მომავალ კლუბთან რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
დაზუსტებული მონაცემებით კაკა მახაჩკალურ გუნდთან ხელშეკრულებას დღეს საღამოს გააფორმებს. მისი „ანჟიში“ გადასვლის ამბავი კი ესპანური და რუსული სპორტული მას-მედიის ძირითადი სალაპარაკო თემაა.