ცოტა ხნის წინ იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კლუბ „მილანს“ იტალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელის შეძენა სურდა.
ახალგაზრდა მუქკანიანი მოთამაშე მძიმე ხასიათით გამოირჩევა. მას ამჟამინდელი გუნდის თავკაცთან რობერტო მანჩინისთან დაძაბული ურთიერთობა გააჩნია.
„სუპერ მარიო“ ბრიტანული ყვითელი მას-მედიის „საყვარელი“ გმირი გახლავთ. კვირა არ გავა აფრიკული ფესვების მქონე იტალიელი რაიმე ხათაბალაში რომ არ გაეხვეს.
ბალოტელის შეძენა იტალიურმა „მილანმა“ კი მოისურვა, მაგრამ კლუბებს შორის თავდაპირველმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.
დღეს დილით ცნობილი გახდა რომ „მილანის“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ გამოსავალს მიაგნო და „ბალოტელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ „მანჩესტერ სიტის“ არაბ მფლობელებს საბოლოოდ მოელაპარაკა.
გაგიკვირდებათ და ახალგაზრდა თავდამსხმელს როგორც უბრალო ნივთს, განვადებით შეიძენენ.
ბრიტანელებმა ჭირვეული მარიო 25 მილიონ ევროდ შეაფასეს. ბერლუსკონი ამ თანხის ერთიანად გადახდას არ დაყაბულდა.
გუშინ მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ბალოტელი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ინგლისელების მოთხოვნილ თანხას ბერლუსკონი უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში დაფარავს, ანუ წელიწადში 4,150 მილიონ ევროს.
ჯერჯერობით უცნობია ამ ტრანსფერის შესახებ თავად ბალოტელის აზრი. მისი მეგობრების მტკიცებით, მარიო გარიგებით მეტად უკმაყოფილოა. მის თავმოყვარეობაზე განსაკუთრებით ის ფაქტი მოქმედებს რომ განვადების ობიექტად გადააქციეს.
გამოცემა „La Gazzetta dello Sport”-ის ცნობით, უახლოეს დღეებში მარიო ბალოტელი ახალ გუნდს შეუერთდება და იტალიის საფეხბურთო პირველობის უახლოეს შეხვედრაში „მილანის“ ღირსებას დაიცავს.