სამი დღის წინ 25 იანვარი გახლდათ, ცნობილი რუსი მსახიობი და მუსიკოსი ვლადიმერ ვისოცკის დაბადების დღე. ამ თარიღის შემდეგ, მსოფლიო მას-მედიაში ერთი სენსაციური ინფორმაცია გამოქვეყნდა.
გუშინ ფრანგულ ვებ-გვერდებზე გავრცელდა ცნობა რომ ვისოცკის ყოფილი მეუღლე, ცნობილი ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეს ამბავი თავდაპირველად ერთ-ერთმა ფრანგულმა მეორეხარისხოვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა, მაგრამ მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ცნობა რუსულმა საინტერნეტო სივრცემ უმალ აიტაცა. მოგეხსენებათ კვირა დასვენების დღეა და გაზეთების დიდი უმრავლესობა არ გამოდის. ამ მიზეზის გამო მარინა ვლადის გარდაცვალების ცნობა ძირითადად „Twitter”-ისა და “Facebook”-ის მეშვეობით ვრცელდებოდა.
გუშინ საღამოს ვისოცკის ქვრივის სიკვდილი რამდენიმე სოლიდურმა ფრანგულმა რადიოსადგურმაც დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით ბოდიშის მოხდა მოუწიათ.
ცნობილი გახდა რომ ქალბატონი მარინა ვლადი კარგად ბრძანდება, ჯანმრთელობას არ უჩივის და სიცოცხლეს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აპირებს.
ცნობილი მსახიობის „გარდაცვალება“ კი ვლადიმერ ვისოცკის დაბადების დღესა და რამდენიმე „ოხუნჯი“ ჟურნალისტის „ხუმრობას“ უნდა დავაბრალოთ.