ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დიალოგი მხოლოდ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, პოლიტიკოსებმა ყური უნდა მიუგდონ საზოგადოების განწყობებსაც, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მამუკა არეშიძის განცხადებით, ერთსულოვნება პოლიტიკურ პარტიებშიც არ ჩანს, რომელთა ნაწილსაც ეჭვი შეაქვს ბოიკოტის სისწორეში. მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკების რესურსი არის, თუმცა ამას ხელს უშლის ორი გარემოება. „ერთია პრეტენზიები არჩევნების ჩატარების მიმართ, შეიძლება რაღაც ნაწილი მართალი იყოს და მეორეა ხელში ძალაუფლების აღების სურვილი. ეს მეორე ხელს უშლის პოლიტიკოსების ნაწილს, მათ იმდენად უნდათ ხელისუფლების ხელში აღება, რომ ეს კონსენსუსს გამორიცხავს“, - განაცხადა არეშიძემ.
მისი თმით, გარდა მაგისა ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთი პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს. „ამ პარტიას არ აქვს იმის იმედი, რომ პარლამენტში შესვლისას ასეთივე კონსოლიდირებულები იქნებიან. არ აქვს თავისი პარტნიორების იმედი პარლამენტში, ამიტომაც ჯიუტად დგას იმ პოზიციაზე, რომელზეც დღეს დგას“, -აღნიშნა არეშიძემ.
არეშიძის განცხადებით, ხელახალი არჩევნები გამორიცხულია. „შესაძლებელია, თუ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში შექმნან შესაბამისი პროცესი, მათ ამის რესურსი აქვთ და მიაღწიონ მომავალში შეთანხმებას რიგგარეშე არჩევნებზე. ეს ვარიანტი კიდევ დასაშვებია. ხელახალი არჩევნების შანსს მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ერთი მხარის სიჯიუტეს წინ უდგას მეორე მხარის სიჯიუტე“, - აღნიშნა არეშიძემ.
დღეს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი უარის მიუხედავად, ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.