ორი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Daily Mail” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ევროპის კონტინენტზე ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 300 ათასი ადამიანი იღუპება.
აღმოჩნდა რომ საშუალოდ წელიწადში ერთხელ ევროპელები სამსახურს იმ დაავადებების გამო აცდენენ, რაც გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობით არის გამოწვეული. ეს კი ამ კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკას 80-მილიარდ ევროიან ზარალს აყენებს.
სამწუხაროდ საქართველოში მომქმედი ეკოლოგიური სამსახურები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას სათანადოდ არ აშუქებენ. უცნობია ამ ფაქტორის გამო გამო რამდენი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იმყოფება და თუნდაც თბილისში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობა როგორი რისკ-ფაქტორის ქვეშ იმყოფება.
საქართველოში შესაბამისი სამსახურები თავს არ იწუხებენ, ევროკომისიის სპეციალურმა კომისიამ კი დაადგინა, რომ ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხეს ჰაერში გაფანტული პატარა ნაწილაკები ქმნის, რომლებიც სასუნთქი გზების გავლით სისხლში ხვდება.
აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ტყვია, მხუთავი აირი, ბენზოლი და ბუტადიენ 1,3. აგრეთვე ქიმიური ნაერთები, რომლებიც დიზელზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვთან ოზონთან შერევით წარმოიშობა.
ბრიტანელ ჟურნალისტებს და ევროკომისიის შესაბამისი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემები არ გააჩნიათ. ამ მიზეზის გამო მათ მიერ დასახელებული ადამიანის სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ ქვეყნებში ჰოლანდია, ბელგია, იტალია, პოლონეთი და უნგრეთი არის მოხსენიებული.
საინტერესოა, რომ მძიმე ეკოლოგიური პირობების გამო ბელგიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ წელიწადში 13,6 თვით შემცირდა, ჰოლანდიელებისა კი - 12.7 თვით.
თურმე ევროპის კონტინენტზე საუკეთესო ეკოლოგიური გარემო ფინეთშია.
ევროკომისია უახლოეს მომავალში ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს. შეამცირებენ სათბობის გამოყენების მოცულობას, რომლებსაც ენერგიის ალტერნატიული წყაროებით შეცვლიან. ამის გარდა, შესაძლოა, ქალაქების ძველ უბნებში ავტომობილებით სიარული საერთოდ აიკრძალოს.
საინტერესოა ამ ინიციატივას საქართველოს მთავრობა როგორ გამოეხმაურება. ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე რა მოგახსენოთ. ამ თემაზე ალბათ სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ფაქტია რომ ქვეყანა მსოფლიოდან შემოტანილმა ძველმა ავტომობილებმა წალეკა.
ეს „დრანდულეტები“ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. ალბათ უპირველეს რიგში „მეორადი მოხმარების“ ავტომობილები უნდა აიკრძალოს.