გუშინ საღამოს თურქულმა „გალათასარაიმ“ ორი სატრანსფერო გარიგება გაჩარხა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრი მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას კლუბ „გალათასარაიში“ გააგრძელებს. ამავე გუნდში, ოღონდ საფეხბურთოში, კოტ დივუარის ნაკრების თავდამსხმელი დიდიე დროგბაც ჩაირიცხება.
თავდაპირველად კალათბურთით დავიწყოთ.
ცნობილი გახდა რომ მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიური „კანტუ“ დატოვა და ქალაქ სტამბულში გადაბარგდა.
ბოლო პერიოდში თურქული კალათბურთი ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა. „ფენერბახჩე“ და „ეფეს პილსენი“ ევროლიგის გათამაშებაში წარმატებით ასპარეზობენ. მიმდინარე სეზონში ამ დუეტს „ბეშიქთაშიც“ შეუერთდა.
„გალათასარაი“ თურქულ საკალათბურთო დიდ სამეულს, შედარებით ჩამორჩა. ეს გუნდი ევროთასის ტურნირში თამაშობს და მომავალ სეზონში ევროლიგის თასზე ასპარეზობა სურს.
გუშინ მანუჩარი „კანტუს“ ოფიციალურად გამოეთხოვა და დღეს სტამბულში ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თურქები მარკოიშვილის სანაცვლოდ იტალიურ გუნდს 500 ათას ევროს გადაუხდიან.
თურქეთის ჩემპიონატში სტამბულელებს 13 მოგება და 3 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე–3 ადგილზე იმყოფებიან.
მიმდინარე სეზონში მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13 ქულას, 3,3 მოხსნას და 2,1 პასს აგროვებდა. რაც შეეხება ევროლიგას, მანუჩარმა მიმდინარე გათამაშებაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 12,6 ქულა, 2,5 მოხსნა და 1,7 პასი.
გუშინ თურქულმა „გალათასარაიმ“, ოღონდ საფეხბურთომ, თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ცოტა ხნის წინ კლუბმა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი შეიძინა. უახლოეს დღეებში მილანის „ინტერის“ ყოფილ მოთამაშეს ალბათ აფრიკელი დიდიე დროგბაც შეუერთდება.
ამ დღეებში დიდიე აფრიკის თასზე ასპარეზობს. ცოტა ხნის წინ ჩინური „შანხაიდან“ წამოსვლა და ტურინის „იუვენტუსში“ ჩარიცხვა სურდა. სამწუხაროდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და დროგბამ მომავალი კლუბის ძიება კვლავ განაგრძო..
დროგბას გარჯა დაუფასდა. თურქული სპორტული მას-მედიის მტკიცებით, კოტ დივუარელი თავდამსხმელი „გალათასარაის“ ხელმძღვანელობას უკვე მოურიგდა და აფრიკის თასის დასრულების შემდეგ ამ გუნდის მაისურს მოირგებს.