„თახვებს დაემართათ დანიაში ეს ვირუსი, იქ შეცვლილი მუტანტის ვარიანტია, რომელიც ბევრად აგრესიულია და იმაზეა უფრო მეტი ყურადღება მისაქცევი“

„თახვებს დაემართათ დანიაში ეს ვირუსი, იქ შეცვლილი მუტანტის ვარიანტია, რომელიც ბევრად აგრესიულია და იმაზეა უფრო მეტი ყურადღება მისაქცევი“

„პირბადეს არ იკეთებენ და მერე რამე რომ დაემართებათ, ექიმებს ლანძღავენ, რატომ არ მივყავართ საავადმყოფოშიო“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი.

თბილისში დიდი რისკია, თითქმის ყველას დაემართოს კორონავირუსი. როგორ უნდა გაწყდეს კორონავირუსით დაინფიცირების ჯაჭვი იმ ფონზე, როცა პირბადეს ყველა ადამიანი არ იკეთებს?

- პირბადეს მართლაც ყველა არ იკეთებს. ჰიპერმარკეტებში თუ გავივლით, დავინახავთ, რომ პირბადეს დიდად არ წყალობენ. ამას წინათ ბანკში ვიყავი და ახალგაზრდა ბიჭებს გავუბრაზდი, რადგან პირბადე ცხვირიდან ჩამოწეული ჰქონდათ. მოსახლეობა ამ მხრივ ცუდად იქცევა, ჯერ პირბადეს არ იკეთებენ და მერე რამე რომ დაემართებათ, ექიმებს ლანძღავენ, რატომ არ მივყავართ საავადმყოფოში, სასწრაფო რატომ არ მოდისო. ეს ორმაგი სტანდარტია.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა მედიკოსმა ისიც აღნიშნა, ისედაც იმუნიტეტი დასუსტებული გვაქვს და ჟანგბადის სუნთქვასაც გვიკრძალავენ პირბადის გაკეთებითო. თქვენ რას ფიქრობთ?

- ეს რას ნიშნავს? მე ამდენი წელია, ექიმი ვარ და ოპერაციებზე რომ შევდივარ, პირბადის გამო ვიხრჩობი და თავს ვიკლავ? ჟანგბადის მოლეკულა იმდენად პატარაა, ნებისმიერ პირბადეში უპრობლემოდ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადის. პრობლემაა ის, რომ ადამიანები ხარბები არიან, არ უნდათ პირბადის შეძენა, მერე მისი გამოცვლა, ყველაფერი უკულტურობის და გაუნათლებლობის ბრალია.

ალბათ, პრობლემაა ისიც, რომ დაბინძურებულ ქუჩაში სწრაფი კვების ობიექტებში დაუბანელი ხელებით კვებას არ ერიდებიან.

- რა თქმა უნდა, თანაც მარტო კორონაზე ხომ არაა საუბარი, უამრავი სხვა დაავადებაა, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ხიფათი დაემუქროთ. როდესაც ადამიანი ქუჩაში გადაადგილდება და კონტაქტში არ არის სხვა ადამიანებთან, შეიძლება პირბადე არ გაიკეთოს. უბრალოდ, მითითებაა, რომ დახურულ და ღია სივრცეებში გაიკეთონ პირბადე. დავუშვათ, კაფე გარეთ, ანუ ღია სივრცეშია მოწყობილი და ადამიანი ზის ერთ ადგილას სტაციონარულად, ცხადია, იქ უნდა გაიკეთოს პირბადე. წარმოიდგინეთ, ღია კაფეში კორონავირუსის მქონე ადამიანი დაჯდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ხან დააცემინებს, ხან დაახველებს, იმ ავეჯზე, მაგიდაზე, სკამზე ტოვებს ვირუსს, ამიტომაც ღია სივრცეებში უნდა ეკეთოს ადამიანს პირბადე, რომ ვირუსის კვალი არ დატოვოს. თორემ ქუჩაში როცა გადაადგილდებიან, იქ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ქუჩიდან ნაკლებად გადადის ვირუსი.

ფიქრობთ, რომ უფრო აგრესიული გახდა ეს ვირუსი და არ გამართლდა მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში დასუსტდებოდა და ვირულენტურობას დაკარგავდა?

- ასე სწრაფად, ერთ წელიწადში ასეთი დიდი ცვლილებები არ ხდება. ერთი წელი ძალიან მცირე პერიოდია იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინოს ვირუსმაც და ადამიანმაც. ერთი წელი არ ითვლება პერიოდად. უბრალოდ, უკვე არსებობს ხიფათი, რომელზეც ჯერჯერობით არავინ საუბრობს, კერძოდ, თახვებს დაემართათ დანიაში ეს ვირუსი, იქ შეცვლილი მუტანტის ვარიანტია, რომელიც ბევრად აგრესიულია და იმაზეა უფრო მეტი ყურადღება მისაქცევი. ანუ თახვებში ვირუსმა მუტაცია განიცადა, გადაედოთ თახვებიდან ადამიანებს და ცოტა მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ამან ევროპა სერიოზულად შეაშფოთა, ინგლისმა ატეხა მთელი ამბავი. თუმცა არის კარგი წინასწარი ინფორმაციაც, მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა გატესტა იმ ადამიანების იმუნური სისტემა, ვისაც პირველად დაემართა ეს ვირუსი, ანუ ვისაც 8-9 თვის წინ შეეყარა კორონა, მათ უმეტესობას მყარი იმუნიტეტი აქვს შენარჩუნებული, რაც კეთილსაიმედოა. ეს კარგი ნიშანია, რამდენიმე წელი თუ გაძლებს იმუნიტეტი, სავარაუდოდ, განმეორებითი შემთხვევები აღარ იქნება. განსხვავებით სხვა გრიპებისგან, თითქოს, აქ იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ბოლომდე ჯერ ვერ ამტკიცებენ ამას, მაგრამ ასეთი კარგი მიმართულება შეიმჩნევა, მთავარია, ეს დადასტურდეს.

ბოლო პერიოდში დაჩქარდა პოლიტიკური მოვლენები - საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ამან რა როლი ითამაშა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით?

- საერთო ჯამში, პასუხისმგებელი მაინც მთავრობაა. მათი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სიტუაცია დამძიმდა, რა თქმა უნდა, საპროტესტო გამოსვლებიც ამ ყველაფერზე მოქმედებს. შეკრებებსა და მიტინგებზე ადამიანები ხუთი წუთი ხომ არ დგანან, საათობით დგანან ერთად და ხიფათი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეა, ახლო კონტაქტი გარე სივრცეშიც სახიფათოა.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ მომიტინგეებს პირბადე უკეთიათ და დისტანციას იცავენ.

- პირბადე ყველას არ უკეთია, ეს ხომ კადრებშიც ჩანს.

ფაქტია, ექიმების რესურსიც ამოწურვადია.

- ჩემს მეგობრებში რამდენი ექიმია, მათ უმეტესობას კორონავირუსი დაემართა. სხვათა შორის, ეს ვირუსი ჩემს სიდედრსაც დაემართა, ცოლის ძმასაც, მის ცოლსა და ბავშვებს, მაგრამ მათ ჩემი კომპანიის იმუნომოდულატორები მიღებული აქვთ და აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩემი სიდედრი ასაკშია, მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ყველა გაკვირვებულია, რომ თანმხლები დაავადებების მიუხედავად, თითქმის არანაირი სიმპტომი და პრობლემა არ აქვს. ცოლის ძმას და ბავშვებს საერთოდ არ აქვთ სიმპტომები. ამიტომ ვამბობ, იმუნური სისტემა ვისაც მწყობრში აქვს და იმუნური სისტემის გამაძლიერებელ საშუალებებს ღებულობენ, პრაქტიკულად, უსიმპტომოდ გადალახავენ ამ საფრთხეს. მეც იმუნური სისტემის გამაძლიერებელ საშუალებებს ვიღებ, ჩემი თანამშრომლებიც, ოჯახის წევრებიც. ეს სპეციალური მცენარეული ფორმულებია, რომელიც იმუნურ სისტემას მიზანმიმართულად აძლიერებს. ამაზე ვმუშაობ 27 წელია.

სრული „ლოკდაუნი“, თუ ნაწილობრივი? რომელს ემხრობით?

- არ ღირს სრული „ლოკდაუნი“, სულ ყველაფრის გაჩერებით სამედიცინო სისტემაც გაჩერდება, რაც არასწორია. თუმცა შეზღუდვები უნდა იყოს ბევრ რამესთან მიმართებით. ღამით დაწესებული კომენდანტის საათი ძალიან კარგია, მივესალმები. უნდა დაიხუროს ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელიც არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის და აუცილებლობას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით, ეს ეხება გასართობ ბიზნესს, გასართობ ცენტრებს, კაზინოებს, ტოტალიზატორებს, ეს ცენტრები სრულად უნდა დაიხუროს, რადგან, პრაქტიკულად, არაფერს ქმნის და ვირუსის გავრცელების წყაროს წარმოადგენს. მთლიანად ქვეყნის ჩაკეტვა არ მიმაჩნია სწორად, მაშინ რაც გააკეთეს, ტრანსპორტი აკრძალეს და რუკზაკით დავდიოდი სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად, ეს სისულელეა. ტრანსპორტი გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და ამდენ ფულს რომ ვუხდით მერიას და მთავრობას, დაამატონ ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომ უფრო ნაკლები ხალხი მოხვდეს ტრანსპორტში, დაამონტაჟონ განიავების სისტემები, ნიღბით სიარული მოსთხოვონ ტაქსისტებს, მძღოლებს, გაამკაცრონ წესები. პირბადის გამოყენების გარეშე ადამიანები დააჯარიმონ, სიმკაცრე სიტუაციას მოაწესრიგებს. ინდოეთში პოლიციელები ულაწუნებდნენ ხალხს, პირბადე რომ არ ეკეთათ. ამ დონემდე ნუ დავალთ, მაგრამ ჯარიმები გამოწერონ.

დიდი სავაჭრო ცენტრების და მოლების ჩაკეტვაზეცაა საუბარი.

-არა მგონია, მოლების ჩაკეტვა მიზანშეწონილი იყოს, რადგან მოლებში სუპერმარკეტები, საკვები დაწესებულებებიცაა. უბრალოდ, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს დახურულ სივრცეებში ყოფნა. კაფეები გარეთ უნდა მოეწყოს. ადამიანებს საკვების ყიდვა თუ ავუკრძალეთ, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის. ჯერ ერთი შემთხვევა არ გამიგია ჩემს სანაცნობო წრეში, რომ ვიღაცისთვის ჯარიმა გამოეწეროთ პირბადის გამოუყენებლობის გამო.

ბოლო დღეებში ინფიცირების ყოველდღიური მასშტაბით იტალიის პიკის მაღალ მაჩვენებელსაც გადავუსწარით.

- მარტო იტალიას კი არა, მილიარდნახევრიან ჩინეთსაც გადავუსწარით ოთხმილიონიანმა ქვეყანამ, რაც სირცხვილია. ეს ნიშნავს, რომ კულტურა, შეგნების დონე, ცივილურობა, დისციპლინა ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში ჩვენთან შედარებით მაღალია. ერთ შემთხვევას შეგახსენებთ, იაპონიაში ცუნამი რომ მოხდა, დაინგრა იაპონია, მე ვუყურე იაპონელებისგან აღებულ ინტერვიუებს. ერთ-ერთი იაპონელი მაღაზიიდან გამოვიდა, მხოლოდ ერთი პომიდორი ჰქონდა ნაყიდი. კორესპონდენტმა ჰკითხა, ერთი ცალი გეყოფათო? არ მეყოფა, დღეს რამენაირად ვიმყოფინებ, მაგრამ ორი ცალი რომ მეყიდა, ვიღაცას ხომ დააკლდებოდაო. ჩვენთან კი, კოვიდი რომ დაიწყო, არ გახსოვთ, რა ხდებოდა მაღაზიებში? პროდუქტი და ტუალეტის ქაღალდი არ დატოვეს. ჩინეთში, ამ მილიარდნახევრიან ქვეყანაში დღე-ღამეში 59 შემთხვევაა და 4-მილიონიან საქართველოში ინფიცირების შემთხვევები ლამის 3500-ზეა ასული. მარტო ამაში კი არ იგრძნობა ჩვენი სიხარბე და უკულტურობა, პოლიტიკური პარტიების წევრები რომ გააჩეროთ ქუჩაში და ჰკითხოთ, შენს პარტიას რა მიზანი აქვსო, არ იციან. მე მგონი, პირველყოფილ წყობილებაში დავბრუნდით, ეს კერპთაყვანისმცემლობაა, ადამიანები ლიდერებს სცემენ თაყვანს და გვარებსა და სახელებს მიჰყვებიან, ქვეყნის პატრიოტები კი არ არიან, არამედ ვიღაცებს მისდევენ უკან და 20 ლარად ყიდიან საკუთარ სამშობლოს.