რა ხდება რუსთაველის თეატრში
"რამდენიმე მსახიობს სპექტაკლის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა"
"არ მგონია, რომ თეატრისთვის დიდი დანაკარგია ამ ხალხის წასვლა"
რუსთაველის თეატრში ცვლილებებია, - რობერტ სტურუა უკვე ოფიციალურად დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად, ზაალ ჩიქობავამ კი პოსტი დატოვა. თანამდებობიდან გადადგა ოპერისა და ბალეტის თეატრის მმართველი, დავით საყვარელიძეც. ჩიქობავას გათავისუფლების მიზეზად მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ხელმძღვანელსა და რობერტ სტურუას შორის არსებული კონფლიქტი დაასახელა. ოდიშარიას თქმით, ჩიქობავა კონფლიქტურ სიტუაციას გაერიდა. ზაალ ჩიქობავა კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მთელი დასისთვის კონტრაქტის გასაგრძელებელი სია გამოუგზავნეს. "ამ სიაში არიან ისეთი მსახიობები, როგორიც არიან: კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მარინა კახიანი, თათული დოლიძე, ნანა ფაჩუაშვილი. მათთან ერთად ახალმოსულ მსახიობებსაც გავუგრძელო კონტრაქტი და გავიყვანო ერთ კატეგორიაში, ჩემთვის მიუღებელია".
რუსთაველის თეატრი ასევე დატოვა მარკეტინგისა და პიარის სამსახურმა. თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა მარინა საღარაძემაც, რომელიც ზაალ ჩიქობავას მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
მარინა საღარაძე: - ჩემი მუშაობის პერიოდში ბატონ რობერტთან მე ურთიერთობა არ მქონია. მანამდე 17 წელი ვიმუშავე როგორც მსახიობმა და მაშინაც უსამართლობის მსხვერპლი გავხდი - სრულიად მოულოდნელად აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება. "მარიამ სტიუარტის" პრემიერის შემდგომ ქუჩაში აღმოვჩნდი. ის, რაც ხდებოდა ბატონი ზაალის გარშემო, დაუშვებელია! მას გაუთავებლად აიძულებდნენ, დაეწერა განცხადება წასვლის თაობაზე. ბატონი ზაალი კი ცდილობდა, ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა ბატონ რობერტთან, მაგრამ ის დათმობაზე არ წამოვიდა, რაც ძალიან მიკვირს, რადგან მანამდე, ექვსი წელი, არაჩვეულებრივად მუშაობდნენ ერთად. გაუგებარია, რატომ თქვა ერთობლივ მუშაობაზე უარი, ეს ხომ ისევ თეატრს გამოადგებოდა? ამხელა რეჟისორი როგორ შეითავსებს მმართველის ფუნქციასაც, გაუგებარია, რადგან საკმაოდ მძიმე სამუშაოა. Uმინდა გითხრათ, რომ ამ ხნის განმავლობაში ბატონ ზაალს არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვია სამსახურიდან.
- რა პოზიცია აქვთ მსახიობებს?
- სამწუხაროდ, რამდენიმე მსახიობმა სპექტაკლის ჩაშლა სცადა. სახელსა და გვარს არ დავასახელებ. აი, რა განსხვავებაა მამაჩემის თაობის არტისტებსა და დღევანდელ ზოგიერთ მსახიობს შორის. მათთვის სპექტაკლის ჩაშლა წარმოუდგენელი იყო. ახლა კი ეს ლამის ყოველდღიური გახდა. ბატონი ზაალი მსახიობებს შორის სიყვარულით სარგებლობს და იმედია, გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. მე არ შემეძლო დავრჩენილიყავი თეატრში ამ გუნდის გარეშე და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
- თქვით, რომ ზაალ ჩიქობავას აიძულებდნენ თანამდებობის დატოვებას ვინ აიძულებდა?
- ზუსტად არ ვიცი, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დუმდა და ამაზე არასოდეს ულაპარაკია. შეიძლება ზეწოლა იყო მსუბუქი, არა უხეში, მაგრამ მაინც... ბატონმა მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარულია, ჩიქობავამ წასვლის გადაწყვეტილება თვითონ რომ მიიღო და მას არ დასჭირდა ამის გაკეთება. მგონი, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.
- რობერტ სტურუა აქტიურად ჩაება თეატრის ცხოვრებაში თუ ჯერჯერობით არ გამოჩენილა?
- არ ვიცი, სამწუხაროდ, ბატონი რობერტი მამაჩემის დაკრძალვაზე არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრში“ცხოვრობს. უმძიმესი დღეები გადავიტანე და ამაზე არ მიფიქრია, ალბათ, მუშაობს ან ემზადება მუშაობისთვის.
გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით თუ სამართლიანობის აღდგენა? როგორია რუსთაველის თეატრის მსახიობების პოზიცია? შევეცადეთ მათ გავსაუბრებოდით, თუმცა, უმრავლესობა კომენტარისგან თავს იკავებს. ერთადერთი, ვინც ამაზე დამთანხმდა, ია სუხიტაშვილია:
- არა ვარ ის ადამიანი, რომელიც ბედნიერია ვიღაცის მოხსნით, უბრალოდ, მინდა გვქონდეს ისეთი თეატრი, როგორიც რუსთაველის თეატრს ეკადრება. სწორად გამიგოს ყველამ. მინდა საუკეთესო სპექტაკლები იდგმებოდეს, იყოს დაფასებული მსახიობის შრომა. იმედია, ეს ცვლილებები უკეთესობისკენ შეცვლის თეატრს. ახლახან ახალი წელი იყო და თუკი რამ ნატვრა მექნებოდა როგორც მსახიობს, ის არის, რომ რუსთაველის თეატრი გამორჩეული იყოს. იმედია, ასეც იქნება.
ნინელი ჭანკვეტაძე, მსახიობი: - ვფიქრობ, რობერტ სტურუა არსადაც არ უნდა წასულიყო. დაბრუნდა და აღდგა სამართლიანობა. ის არის იქ, სადაც უნდა იყოს. მე არ მგონია, რომ ზალიკო ჩიქობავა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. თუკი ის პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამავე ნიშნით მოიხსნა. მე სხვა თეატრის წარმომადგენელი ვარ და მათი შიდა სამზარეულო კარგად არ ვიცი... არ მგონია, რომ თეატრისთვის დიდი დანაკარგია ამ ხალხის წასვლა. ზალიკო ჩიქობავა ხომ არ არის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრის კურსის განმსაზღვრელი? ბატონი რობიკო კი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ეს ჩემი აზრია. იმედი მაქვს, რომ ზალიკოც მოკრძალებულად ასე ფიქრობს თავის თავზე. დირექტორები და მმართველები წავლენ-წამოვლენ, თეატრები რჩებიან. ბატონი რობიკო არის რუსთაველის თეატრი!
ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - რობიკო სტურუა აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო თეატრში. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი თეატრი და როგორც უნდა, ისე ჰქონდეს ყველაფერი იქ მოწყობილი, სანამ დრო დარჩენია, უნდა მოასწროს საქმის კეთება და ამაში ხელი არ უნდა შეუშალონ. იმ ადამიანების წასვლასთან დაკავშირებით ტრაგედიის გამართვა არ ღირს, არაფერია ამაში ტრაგიკული!