ართულ კულტურასა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს მხატვარი ნიკუშა შენგელაია.
- აუცილებელია გაანალიზება იმისა, რაც ბოლო ხანს კულტურის სფეროში ხდებოდა და რამაც დღევანდელ ვითარებამდე მოგვიყვანა. ბევრი რამ უნდა გადაფასდეს; ვოლუნტარიზმი ხელოვნებაში, მათ შორის არქიტექტურაში უნდა დასრულდეს. ჩემი აზრით, პრობლემურია კინოში შექმნილი ვითარებაც. დაუშვებელია, ისეთი კინემატოგრაფიული ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კინოხელოვნება ასეთ არასახარბიელო ვითარებაში იყოს; ეს მტკივნეული თემაა ყველა მცირერიცხოვანი, ქვეყნისთვის, რადგან კომერციული ბაზარი სხვებს აქვთ დაპყრობილი. ვფიქრობ, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ ქართული კინო, როგორც ფენომენი, გადარჩეს.
- კულტურის სამინისტროში გაიმართა მწვავე დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც მონაწილეობდით... თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს რიყესა თუ თბილისის სხვა ადგილებში მიმდინარე გახმაურებული მშენებლობების ბედი?
- ჩემი აზრით, რიყის ანსამბლი არის კოშმარი, უპატივცემლობის, ქალაქის ისტორიულ ნაწილში უაპელაციო ჩარევის მაგალითი, ყველანაირი მასშტაბის, ფორმის კანონების უგულებელყოფა. თავიდანვე გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს. არქიტექტორ ფუქსასის ეს პროექტი ამახინჯებს ბარათაშვილის დაღმართს, მან თითქმის დაფარა ძველი თბილისის საუკეთესო ხედი, რომელიც აქედან ჩანდა. ეს მშენებარე კონსტრუქცია დროისა და კულტურული კონტექსტიდან არის ამოვარდნილი; არქიტექტურაში და, საერთოდ, კულტურაში თანამედროვე ფორმების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მას თავისი ადგილი, ფუნქცია უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში, ლანდშაფტს შეესაბამებოდეს. ჩემი აზრით, რიყეზე მშენებარე კონსტრუქცია, ხალხი "ტრუბებს" რომ უწოდებს, უნდა დაიშალოს.
- რაც შეეხება "მშვიდობის ხიდს"?
- არც ამ ხიდს მივიჩნევ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლად; შესაძლოა, მან გადასასვლელის ფუნქცია შეინარჩუნოს, მაგრამ მისი სახურავი ძველი თბილისის ბრწყინვალე ხედების, ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის აღქმას უშლის ხელს. მომავალში, ამგვარი "სიურპრიზების" თავიდან ასაცილებლად, საკითხებს პრეზიდენტი და მერი კი არ უნდა წყვეტდნენ, არამედ - პროფესიონალები: არქიტექტორები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები. კულტურის სამინისტროსთან კომპეტენტური კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც გადაწყვეტს, რა უნდა აშენდეს თბილისისა თუ ქვეყნის სხვა ქალაქების ისტორიულ ნაწილში, როგორც მთელ მსოფლიოშია. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის!
- თქვენი აზრით, როგორ უნდა წარიმართოს კოჰაბიტაცია კულტურის სფეროში, რომ ახლა ხელოვანთა სხვა ნაწილი არ აღმოჩნდეს პრივილეგიურ მდგომარეობაში?
- კულტურის მოღვაწეთა შორის კოჰაბიტაცია, ანუ ქართულად, თანაარსებობა არსებობდა და არსებობს, აზრთა სხვადასხვაობის პირობებშიც. ადრე თუ გვიან, ყოველთვის ირკვევა, ვინ იყო მართალი. ნორმალურ ხელისუფლებას პროპაგანდისტები არ უნდა სჭირდებოდეს, და მათ სიმღერას, ცეკვასა თუ გამოფენის მოწყობას ხელს არ უნდა უწყობდეს. დღევანდელი ხელისუფლება პიარზე აწყობილი არ არის, არ სჭირდება მაამებლები, რომლებიც სიმღერებსა და ლექსებს მიუძღვნიან. რაც შეეხება პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, კარგია, თუ პროცესი უმტკივნეულოდ, რბილად წარიმართება, მაგრამ ხელოვნურად ამის გაკეთება შეუძლებელია. ნაძალადევ თანაარსებობას ვერ მიაღწევ, ისე როგორც ზეთი არ ერევა წყალში.
- როგორ შეაფასებთ ამჟამად ქართულ ტელესივრცეში მიმდინარე მოვლენებს?
- ახლახან პარლამენტში ხმაური მოჰყვა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირებას, არადა, "საზოგადოებრივი მაუწყებელი", პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყოფილი ხელისუფლების სამსახურში იყო. ვფიქრობ, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომ მის სამეთვალყურეო საბჭოში, "ბორდში" საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები შევიდნენ. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებრივ ტელევიზიად უნდა იქცეს. გერქვას საზოგადოებრივი ტელევიზია, ხალხის ჯიბიდან ფინანსდებოდე და ხალხს არ სჭირდებოდე, აბსურდია, ასეთი რამ არსად ხდება.
- 20 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციიდან, უფლებამოსილების ცნობიდან ხუთი წელი გავიდა. საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვება...
- მთავარი ხალხის სურვილი, ნება უნდა იყოს. თუმცა კონსტიტუციის პატივისცემაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საზოგადოების ნაწილს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა; და თუ სააკაშვილი თავისი ნებით თანამდებობიდან არ წავა, მას უფლებები უნდა შეეზღუდოს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რყევები რომ გამოირიცხოს.