„ყარაბაღის მოვლენების ფონზე ამერიკას სჭირდება დასაყრდენი რეგიონში და ეს დასაყრდენი უნდა იყოს საქართველო“

„ყარაბაღის მოვლენების ფონზე ამერიკას სჭირდება დასაყრდენი რეგიონში და ეს დასაყრდენი უნდა იყოს საქართველო“

ყარაბაღის მოვლენების ფონზე, როგორც ჩანს, საქართველომ ამერიკისთვის განსაკუთრებული ღირებულება შეიძინა. შესაბამისად, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტმა არ დააყოვნა საქართველოში.

ყარაბაღის კონფლიქტის ფინალიდან გამომდინარე, ამერიკამ გააცნობიერა, რომ ჩვენს რეგიონში თანდათან მისი გავლენა შესაძლოა შემცირდეს და რუსეთის გავლენა გაიზარდოს, რადგან, ფაქტობრივად, რუსეთს თავისი სამხედროები ჰყავს სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონში. საქართველოში რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული რეგიონია, სომხეთში გიუმრის ბაზაზე არიან რუსები და რუსული ჩექმა უკვე ყარაბაღშიც შეაბიჯებს ე.წ. მშვიდობისმყოფელის მანტიით.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ ყარაბაღის მოვლენის შემდეგ ჩვენს რეგიონში რუსული გავლენის ზრდასაც უკავშირდება მაიკ პომპეოს ვიზიტი.

For.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამ ვიზიტით აჩვენებს მსოფლიოსაც და რეგიონის მოთამაშეებსაც, რომ არ აპირებს ჩვენი რეგიონიდან გასვლას და რეგიონის მიტოვებას. შესაბამისად, ამ რეგიონში აშშ-ის დასაყრდენი, პირველ რიგში, საქართველოა.

„ამერიკას სურს, საქართველოსთან გააღრმავოს ურთიერთობები. მეორე მხრივ, ამერიკას სურს იმის წარმოჩენა, რომ ის იცავს საქართველოს და რეგიონში როგორც არ უნდა შეიცვალოს ძალთა ბალანსი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის უსაფრთხოებას შეერთებული შტატები უყურადღებოდ არ დატოვებს. ცხადია, ყარაბაღის ომის შემდეგ ძალთა ბალანსი იცვლება ჩვენს რეგიონში, პრაქტიკულად, რუსეთი ორ ქვეყანას აკონტროლებს, არა მარტო სომხეთს, როგორც ეს იყო ადრე, არამედ აზერბაიჯანსაც. რუსეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთები განათავსა და გაიმყარა პოზიციები, მის ხელში აღმოჩნდა ყარაბაღი, რომელიც სრულად რუსეთზეა დამოკიდებული. ადრე თუ იქ სომხეთის ჯარი იდგა, ახლა რუსი სამშვიდობოები მოგვევლინენ. ამიტომ ამ კონტექსტში ამერიკას სჭირდება დასაყრდენი რეგიონში და ეს დასაყრდენი უნდა იყოს საქართველო, რომელიც საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს, დემოკრატიული განვითარების და ტრანსფორმაციის პროცესი ამ რეგიონში განავითაროს, ასევე, წარმოადგენდეს შეერთებული შტატების უახლოეს პარტნიორს და დასაყრდენს რეგიონში. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო შეერთებული შტატების პარტნიორად რჩება“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ანალიტიკოსის განმარტებით, რთული სათქმელია, რამდენად გახშირდება ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან ასეთი დონის ვიზიტები საქართველოში, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამერიკის შემდგომი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური და მიზანმიმართული გახდეს.

კახა გოგოლაშვილის მოლოდინით, უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა შეიძინოს ამ ურთიერთობამ. ეს ნიშნავს მეტ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების სფეროში მეტ თანადგომას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და უფრო მეტ დამეგობრებას ამერიკასთან. რა თქმა უნდა, ამით გავაღიზიანებთ რუსეთს, მაგრამ უკვე ამერიკის დიპლომატიის ამოცანაა რუსეთის შეკავება ამ კონტექსტში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძეც ადასტურებს, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ საქართველომ ამერიკისთვის მეტი წონა შეიძინა. მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტისას შიდა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო რეგიონული პოლიტიკა და რეგიონული უსაფრთხოება. ის, რომ პომპეო ზუსტად საქართველოში ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ყველაზე სანდო და სასურველი პარტნიორი ამ რეგიონში ჩვენ ვართ.

„ეს ვიზიტი იმის ხაზგასმა იყო, რომ საქართველო არის ამერიკის სანდო, საჭირო და ყველაზე ახლო პარტნიორი ამიერკავკასიის რეგიონში. ეს იქნება ახალი ბიძგი უფრო ახლო პარტნიორული ურთიერთობის დასამყარებლად. მიუხედავად იმისა, რომ პომპეო და ძველი ადმინისტრაცია მიდის, შეერთებული შტატების პოლიტიკა პიროვნებებსა და გუნდებზე არ არის დამოკიდებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკა და კავშირები ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად არ იცვლება. ეს მყარია და მათ უფრო გრძელვადიანი პოლიტიკა აქვთ“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, არაერთი საინტერესო ფრაზა ითქვა სამომავლო ბაზებთან დაკავშირებით, სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამას ემატება შიდა პროცესები, ჩვენი სასამართლო რეფორმით დაინტერესება, არჩევნების თემა... ეს მიანიშნებს, რომ ახალი გზავნილია შტატებიდან, რომ ჩვენ კვლავ ვართ ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პარტნიორი და ისინი ინტერესდებიან როგორც ჩვენი რეგიონული როლით, ისე შიდა პრობლემებით.

„რუსეთი საფრთხეა რეგიონისთვის, მით უმეტეს, საქართველოსთვის და ეს საფრთხე არ მოხსნილა. რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. ეს არის ერთგვარი გზავნილი სხვებისადმი აშშ-ის მხრიდან, რომ მას აქვს ინტერესები ჩვენთან და არ დაგვთმობს“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

trampi რა ყარაბახი, რის კავკასია ...გინდათ თუ არა პომპეო ჩვენი გულისთვის ჩამოვიდა-----რატო ხელისუფლებაში ნაცები არ დაააბრუნეთო..
.ჰოოდა..... ვისაც ეს გჯერათ, წადით ნაცების მიტინგებზე, წადით...................... მე ჩემი წილი მიტინგებიც მოვილიე ცემაც და ტყეპაც...... ეხლა თქვენი ჯერია...თქვენ იარეთ.... ........................მით უმეტეს რომ მიტინგებზე სასიარულოდ, დღევანდელ დღეს არც მასკიროვკა გჭირდებათ და არც პარიკის გაკეთება
ეხლა გიჟი თავისუფლაია...... რაც გინდათ ის ქენით, კაციშვილი ხელს არ შეგიშლით...
მოკლედ ვისაც გემიტინგებათ, წადით,.... იმიტინგეთ............. იმიტინგეთ................ წადით
3 წლის უკან