ზამთრის საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა. მიუხედავად წინასწარი ხმაურიანი განცხადებებისა, მახაჩკალის „ანჟიმ“ გაძლიერება ვერ მოახერხა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სულეიმან ქერიმოვის გუნდს არაერთ სახელოვან ფეხბურთელს უკავშირებდნენ. აქედან ყველაზე რეალური ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის მოსალოდნელი ტრანსფერი გახლდათ. საბოლოოდ „ინტერის“ ყოფილი ნახევარმცველი თურქულ „გალათასარაიში“ აღმოჩნდა. ასევე არ გამართლდა ინგლისელი დევიდ ბექჰემის მახაჩკალაში გადასვლის შესახებ აგორებული ჭორიც.
ცნობილი გახდა რომ „ანჟის“ სპორტული დირექტორი რობერტო კარლოსი ისტორიულ სამშობლოში გადაფრინდა და კლუბი „სანტოსის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. რასაკვირველია ამ გუნდის ვარსკვლავი ნეიმარი დაღესტანში ასტრონომიული თანხის შემთხვევაშიც არ გადავა, 19 წლის ფელიპე ანდერსონი კი „ანჟის“ მაისურის მორგებაზე ალბათ ყაბულს იქნება.
ანდერსონი ნახევარმცველი გახლავთ და ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობს. სამშობლოში მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
რობერტო კარლოსმა „სანტოსის“ ხელმძღვანელობას ანდერსონის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო შესთავაზა. მოლაპარაკება თითქოს წარმატებით უნდა დასრულებულიყო მაგრამ საქმეში იტალიური „მილანი“ ჩაერთო. სილვიო ბერლუსკონიმ ბრაზილიელ კოლეგას ერთგვარი გაცვლა შესთავაზა: 19 წლის ნახევარმცველი იტალიაში უნდა გადასულიყო, მისი სახელოვანი თანამემამულე რობინიო კი „სანტოსში“ ჩარიცხულიყო. ეს უკანასკნელი „მილანის“ დატოვებას ცდილობს, მაგრამ ბრაზილიურ გუნდებს მის შესაძენად საჭირო თანხები არ აღმოაჩნდათ.
უკანასკნელი ცნობით ფელიპე ანდერსონის საკითხი უახლოეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. იტალიელი ჟურნალისტები ხუმრობენ, რომ დადგა დრო, როდესაც მოთამაშის გამო ერთმანეთს ერთ დროს უცნობი „ანჟი“ და სახელგანთქმული „მილანი“ დაუპირისპირდნენ.
ფელიპე ანდერსონს „სანტოსის“ მაისურით 69 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე შვიდი გატანილი გოლია. თავის დროზე გუნდიდან წასულმა განსომ საკუთარი ათნომრიანი მაისური სწორედ ფელიპეს გადასცა.