საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ ფეხბურთელი ჯანო ანანიძე ოფიციალურად უარყოფს რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ტრავმების გამო საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს. ინტერვიუ მან გამოცემა Sport24-ს მას შემდეგ მისცა, რაც ვოლგოგრადელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა განაცხადა, რომ ანანიძე ფეხბურთიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
„გუშინ ვიჯექი სახლში და საქართველო-სომხეთის შეხვედრას ვუყურებდი, როდესაც ეს ინფორმაცია ჩამიგდეს. რა შემიძლია გითხრათ? არ მიყვარს, როცა არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და მერე ამის უარყოფა მიწევს. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, როგორ ვარ, გადაწყვიტეს ჩემზე ასეთი სისულელე დაეწერათ. არ ვიცი, რა თქვა ხაცკევიჩმა, მხოლოდ სათაურები ვნახე და აღარ მომინდა წამეკითხა. არც ის მაინტერესებს, ასეთი რამ ხაცკევიჩმა თქვა თუ სხვამ. მთავარი ისაა, მე რას ვფიქრობ და როგორ ვგრძნობ თავს. თუ აზრად მომივა კარიერის დასრულება, ამის შესახებ პირველი მე ვიტყვი. რატომ უნდა თქვას ეს ვინმემ ჩემს მაგივრად? რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, ნორმალურად ვარ. მოსკოვიდან თურქეთში ჩავედი, სადაც კვლევები გავიარე და ვიმკურნალე. ახლა რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მაქვს. განმეორებით გამომიკვლიეს და მითხრეს, რომ არაფერი მჭირს სერიოზული. გავდივარ სამკურნალო პროცედურებს, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, იანვრისთვის 100%-ით ვიქნები მზად“, -ამბობს ქართველი ფეხბურთელი.