ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„რვა ერის“ პირველ რაუნდში საქართველო 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19 საათზე ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რაგბის სამშობლოს უმთავრეს გუნდს მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით.

აქამდე საქართველოს ნაკრებს ინგლისთან ორჯერ უთამაშია. 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში, საქართველოსთვის მსოფლიო თასზე სადებიუტო მატჩში, მომავალმა ჩემპიონმა 84:6 იმარჯვა. 2011 წელს, ახალ ზელანდიაში კი გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში სამი ლელოს გატანა მოახერხა და 41:10 იმარჯვა.

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურამდე გუნდებმა თითო შეხვედრა გამართეს, ხოლო თითო შეხვედრა კორონავირუსის გამო გადაიდო. ბორჯღალოსნებმა 8-თვიანი ლოკდაუნის შემდეგ პირველი მატჩი 23 ოქტომბერს, „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართეს (7:48), 1-ელ ნოემბერს რუსეთთან თბილისში გასამართი შეხვედრა კი გადაიდო.

ინგლისს 25 ოქტომბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიამ ამის საშუალება არ მისცა, ორი კვირის წინ კი, 2020 წლის ექვსი ერის დასკვნით მატჩში, რომში იტალია ბონუსით, 34:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

„მარიფილდზე“ სამი კვირის წინ გამართული მატჩის შემდეგ, შერკინების ხაზში ოთხი ცვლილებაა.

პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა, კვაჭის პოზიციაზე ძირითადში დაწინაურდა შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორე ბურჯი ბექა გიგაშვილია, რომელმაც შოტლანდიაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილს ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. ქერდიყოშვილმა წინა თამაშიც ძირითადში დაიწყო, ჯაიანი კი განაცხადში არ იყო. ორივე მეორეხაზელს აქამდე ნაკრებში ორ-ორი თამაში აქვს ჩატარებული.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერად კი მარქაფიდან გიორგი (კოკი) თხილაიშვილი დაწინაურდა.

ოთხი ცვლილებაა ხაზშიც, ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან, ბორჯღალოსნების რიგებში დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელიც თამაშს ფრთაზე იწყებს, მეორე ფრთა კი აკაკი ტაბუცაძე იქნება, რომელმაც შოტლანდიას ლელო გაუტანა და სამ შეხვედრაში 6 ლელო მოაგროვა. მას აქამდე მოედანი ლელოს გარეშე ჯერ არ დაუტოვებია.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც შოტლანდიასთან მარქაფაში იყო. ტრავმა მოიშუშა და ინგლისთან თამაშს იწყებს ფულბეკი ლაშა ხმალაძე.

ცვლილებაა ღერძშიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში გელა აფრასიძე დაწინაურდა, მგეზავი კი თედო აბჟანდაძე იქნება.