პოპულარული ამერიკული მულტსერიალის „სკუბი-დუს“ თანაავტორი კენ სპირსი 82 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ანიმატორის გარდაცვალების მიზეზი დემენციით გამოწვეული გართულებები გახდა.
3 თვის წინ სპირსის კოლეგა - მხატვარი ჯო რუბი გარდაიცვალა. სწორედ მასთან ერთად დაარსა სპირსმა სტუდია Ruby-Spears Productions, რომლის ყველაზე ცნობილი პროექტით მშიშარა, მაგრამ კეთილი ძაღლის, სკუბი დუს შესახებ შექმნილი მულტსერიალი გახდა. სიუჟეტის მიხედვით, სკუბი-დუ და მისი მეგობრები ამერიკაში მოგზაურობენ და ზებუნებრივ საიდუმლოებს ხსნიან.