გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა

გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა

არავის მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე ქვეყანა დაანგრიოს. ყველას ვაძლევ 100%-იან გარანტიას, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ და არც ჩვენ მოგვცემს ამის საშუალებას ამომრჩეველი, რომელმაც ასეთი ბრძენი არჩევანი გააკეთა, - ამის შესახებ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„არჩევნების წინ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ამ ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით. ეს ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წერტილი და მთავარი გამოწვევაა. ჩვენმა მოქალაქეებმა ესეც უნდა დაინახონ, ესეც ჩვენი მოსახდელია. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის პირობებში, როდესაც ასეთი გამოწვევები დგას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის კუთხით და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ახლა ვუყურებთ ელემენტარულ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც ნათელია. რაც უფრო მეტი კრიზისია - უკეთესია ოპოზიციისთვის. რაც უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება - უკეთესია ოპოზიციისთვის. რაც უფრო მეტი პრობლემა იქნება სახელმწიფო სისტემებში, ჯარში, პოლიციაში, სამედიცინო სექტორში - უკეთესია ოპოზიციისთვის. საბოლოო ჯამში რატომღაც დაზიანებული სახელმწიფო ინსტიტუტების ხილვა ოპოზიციის ინტერესებში შედის და ამას ეს ხალხი არც მალავს. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი - ის არის იქ, სადაც საქმე ეხება მოქალაქის ჯანმრთელობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობასა და სიძლიერეს. არავის მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე ქვეყანა დაანგრიოს. ყველას ვაძლევ 100%-იან გარანტიას, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ და არც ჩვენ მოგვცემს ამის საშუალებას ამომრჩეველი, რომელმაც ასეთი ბრძენი არჩევანი გააკეთა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.