უნდა გავზარდოთ ბინაზე მკურნალობის ხარისხი, - ამის შესახებ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების 90% იმართება ბინაზე. ესაა საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სისტემას უჭირს გაუძლოს დაწოლას. დღეის მდგომარეობით საქართველოში გვაქვს 15 000 აქტიური ქეისი, რომლიდანაც 5 000, დაახლოებით 32% ჰოსპიტალურ სისტემაში იმართება. რა თქმა უნდა ეს ცუდი არაა, მაგრამ როცა ჰოსპიტალურ სისტემაზე დაწოლა იზრდება, მაშინ ჩნდება სწორედ რისკი სწრაფად დამძიმებული პაციენტების დროულად ვერ დახმარების. ამიტომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენ ეს კლინიკური მართვის მეთოდი“, - აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით საქართველოში ბევრია ოჯახები სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. „მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს ბინაზე უნდა ვუმკურნალოთ ოჯახის ექიმის დახმარებით, ასევე იქ სადაც სოციალური იზოლაციის შესაძლებლობა არაა და ბევრი თაობა ერთად ცხოვრობს ამისთვის შეიქმნა კოვიდსასტუმროები სადაც ზედამხედველობის და მკურნალობის კარგი პირობებია. მხოლოდ ის 10-15% ვისაც სჭირდება 24 საათიანი ექიმების მეთვალყურეობა ეს ხალხი უნდა მოხვდეს ჰოსპიტალურ სისტემაში. ესაა აპრობირებული და გამოცდილი საუკეთესო პრაქტიკა“ - განაცხადა გახარიამ.
გახარიას განცხადებით კოვიდსასტუმროები ასრულებენ ბუფერული ზონის ფუნქციას და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იქ თერაპიული ელემენტები დაემატა. „შეიტანენ დამატებით დანადგარებს, რომ კოვიდსასტუმროებში ექიმის მეთვალყურეობა იყოს უფრო ეფექტური“, - აღნიშნა გახარიამ.