საქართველოში სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სრული ლოკდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება. არც 100 კაცამდე შეკრების შეზღუდვაზე არ გამიგია, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.