რეალობა ასეთია: დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება. რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეზღუდვები არის ის, რაც არ შეზღუდავს პოლიტიკურ აქტივობას. ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც, რატომღაც, ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს, ყველაფერი კეთდება ისე, რომ აღქმაშიც არ იყოს ვინმესთვის პოლიტიკურ შეზღუდვებთან კავშირი. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არაა ისეთი ძლიერი, რომ მკაცრი შეზღუდვები კიდევ დავაწესოთ, ამიტომ ამ დანის პირზე გვიწევს სიარული - აქეთ შეზღუდვები და თან, ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირება. იმედია, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმასაც, რომ რეალობა ასეთია: დღეს 125 ინფიცირებულიდან ერთი იღუპება. რამდენი 125-იც მეტი იქნება, იმდენად მეტი დაიღუპება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.