ეკატერინე ტიკარაძე: თუ საზოგადოების მზაობა არ იქნება, სახელმწიფოს მოუწევს, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს

ეკატერინე ტიკარაძე: თუ საზოგადოების მზაობა არ იქნება, სახელმწიფოს მოუწევს, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს

„ყველა რესურსს აქვს თავისი ზღვარი და ის არ არის ამოუწურავი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების შესაძლებლობა და საკუთარი სიცოცხლის/ჯანმრთელობის დასაცავად ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ.

„პირველ რიგში, მოგვეთხოვება მაღალი საზოგადოებრივი შეგნება და თუ ამას გამოვიჩენთ, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე დავძლევთ ამ პრობლემას. თუ საზოგადოების მზაობა არ იქნება, სახელმწიფოს მოუწევს, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3560 გამოჯანმრთელდა, 22 გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.