დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად ახალი 2,700 შემთხვევისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში არსებული უკმაყოფილებისა და შენიშვნების მიუხედავად, ძირითად შემთხვევებში სიტუაცია მართვადია.
„დღევანდელი მდგომარეობით, მიუხედავად ახალი 2,700 შემთხვევისა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია. ვიცი, სოციალური ქსელიდან არის უკმაყოფილება, შენიშვნები, თუმცა ძირითადში სიტუაცია მართვადია, ჰოსპიტალური, კოვიდ-სასტუმროები და საავადმყოფოები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.