ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია, რა დესტრუქციული, ე.წ რევოლუციური გეგმები ჰქონდა „ნაცმოძრაობას“

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია, რა დესტრუქციული, ე.წ რევოლუციური გეგმები ჰქონდა „ნაცმოძრაობას“

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სუს-ში გამოკითხვის დეტალებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, რა დესტრუქციული, ე.წ. რევოლუციური გეგმები ჰქონდა „ნაცმოძრაობას“.

„გუშინ ჩატარდა გამოკითხვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა დესტრუქციული, ე.წ რევოლუციური გეგმები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი, დეტალები მივაწოდე ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩართული ამ გეგმის განხორციელებაში და ასევე რა თქმა უნდა, მივაწოდე ინფორმაცია წყაროსთან დაკავშირებით, თუ ვინ მომაწოდა მე ეს ინფორმაცია, ეს უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის საფუძველი.

დადგება თუ არა კონკრეტული პირის პასუხიმსგებლობის საკითხი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვარაუდობს, რომ „საბოლოო ჯამში გამოძიება ამაზე გავა“ - „გამომდინარე იქედან, რომ იყო ძალიან მკაფიო გეგმა შედგენილი და ამ გეგმის აღსრულების ნიშნები საზოგადოებამაც ნახა თუნდაც არჩევნების დღეს. როდესაც ადამიანები ელექტროშოკებით შეირაღებული გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნებთან, ეს იყო ამ გეგმის ნაწილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საჯარო განცხადება გავაკეთეთ, არჩევნების დღეს ამ გეგმის აღსრულება მათ ვერ მოახერხეს და დარწმუნებული ვართ, რომ ვერც შემდგომ დღეებშიც ვერ ექნება წარმატება მათ ამ განზრახვას, რადგან სახელმწიფო, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს ნებისმიერი კანონდარღვევის აღსაკვეთად“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, საოლქო კომისიებთან დაანონსებული აქცია, არის თუ არა გეგმის ნაწილი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, ღიად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე, აქედან გამომდინარე ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„თუმცა მე შეგახსენებთ, რომ ყველა არჩევნების შემდეგ ცდილობდნენ ასეთი სცენარის განხორციელებას, თუმცა არც ერთხელ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო და ეს არის შემდგარი ხელისუფლება, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც შეეცდება კანონის დარღვევას, მით უმეტეს მასშტაბური ფორმით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საჯაროდ განაცხადა დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ და მოუწოდა სამართალდამცველებს, მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაეწყოთ.