ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
მისი თქმით, საუბარი არაა ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ ლაპარაკია წერტილოვან შეზღუდვებზე.
„კიდევ რა არის მთავარი - წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი - არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.