ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები, ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილია.
აქციის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე. როგორც მან განაცხადა, კომისიის შენობის გვერდით მდებარე მაღაზიის ვვიტრინას ხალხი მიაწვა და ჩაიმსხვრა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
ამ დროისთვის, ადგილზე მშვილი ვითარებაა. საოლქოს შენობის შესასვლელს აკონტროლებენ სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებმა კი, შორიახლოს გადაინაცვლეს. ისინი ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
ხმაური და აქციები საოლქო კომისიებთან საბურთალოშიც, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. საჩივრების განხილვის დაწყებამდე შენობაში შესვლა ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთის წარმომადგენლებმა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. კომისიაში შესვლას ითხოვდა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც. ამ მომენტისთვის საოლქო კომისიის შენობასთან სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან, მობილიზებულია პოლიცია.
დაპირისპირება ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთანაც, სადაც შეკრებილებმა კარტოფილები დაყარეს. ადგილზე მისული სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები კომისიაში შესვლასა და საჩივრების განხილვის პროცესში მონაწილეობას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ოლქში ხმები მასობრივად გაყალბდა. შენობაში შესვლაზე უარის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.
ხმაურია წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამომრჩევლის ხმებს იცავენ. ნანუკა ჟორჟოლიანი საოლქო და ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვს პასუხს კითხვაზე – საიდან გაჩნდა საარჩევნო სიაში, არჩევნებამდე 24 საათით ადრე ექვსი ათასი ადამიანი, რომელიც არ არსებობდა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომა, სადაც კომისიის წევრები საჩივრებს განიხილავენ. საერთო ჯამში კომისიაში 80-მდე საჩივარია შესული.
ჟორჟოლიანმა კომისიის შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.