„ამ ეტაპზე, ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხია საოლქო საარჩევნო კომისიებში 1561 განცხადება-საჩივრის განხილვა და შესაბამის უბნებზე არჩევნების შედეგების გადათვლა.“- მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
მისი თქმით, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მოსამზადებლად მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა.
„გადათვლის შედეგად, შესაძლებელი იქნება დღეს არსებული წინასწარი მონაცემების გადახედვა, რომლებიც შესაძლოა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიცვალოს. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მოსამზადებლად მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 31 ოქტომბრისთვის საქართველოს მასშტაბით მზადყოფნაში 3 657 საარჩევნო უბანი იქნა მოყვანილი. ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი იყო 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთის 38 სახელმწიფოში. არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად ცესკომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაარეგისტრირა 3 526 023 ამომრჩეველი.
რაც შეეხება არჩევნებისთვის გაწეულ ხარჯებს, მათმა მოცულობამ 40 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. - ამბობს ნიკა ჩიტაძე.