ეს არის ხალხის ფული და ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიების ბოიკოტის შემთხვევაში დაფინანსებაზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშავონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას.
„ეს არის ხალხის ფული და ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების დაკვეთა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშავონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას. შესაბამისად ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა იქნება საზოგადოების აზრი დაფინანსებასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ამის შესახებ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.