საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიასთან ეუთო/ოდირის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე და ჩემ კოლეგებს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეუთო/ოდირის დელეგაციასთან და მის ხელმძღვანელთან. ჩვენ მათ მადლობა გადავუხადეთ, რომ გლობალური პანდემიის პირობებში ჩამოვიდნენ საქართველოში და დააკვირდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენეტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.
პირველად საქართველოს ისტორიაში არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკურმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და არჩევნები კიდევ ერთხელ ემსახურება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, ამ წლებში გატარდა ფუნდამენტური რეფორმები. „ჩვენ ასევე საერთაშორისო პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიას გავაცანით, ის პროცედურები, რომელიც რეგულირდება კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტურამდე და შემდგომი პარლამენტის მოწვევამდე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი ამ შედეგებს არ ეთანხმება, სადამკვირვებლო მისიის შეფასებებსაც უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას აანონსებს.