სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ამბერ ჰერდზე ძალადობდა

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ამბერ ჰერდზე ძალადობდა

მსახიობმა ჯონი დეპმა ლონდონის სასამართლოში, სადაც ის გაზეთს Sun ცილისწამებაში ადანაშაულებდა, რადგან სტატიაში მას "ცოლის მცემელი" უწოდეს, დავა წააგო.

მოსამართლემ კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რომელიც ტაბლოიდური გამოცემისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფულად კომპენსაციას ითხოვდა.

"მოსარჩელემ თავისი საჩივარი ვერ დაამტკიცა... ბრალდებულებმა კი დაადასტურეს, რომ ის სიტყვები, რაც გაზეთში გამოქვეყნდა, არსებითად სიმართლეს შეესაბამებოდა", — განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

მოსამართლე ნიკოლმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახური ძალადობის 14 ინციდენტიდან 12 შემთხვევაში ამბერ ჰერდი დაზარალებულად მიიჩნია:

"ამბერ ჰერდზე ჯონი დეპის მიერ სავარაუდო ძალადობის უმეტესი შემთხვევა სამოქალაქო სამართლის ნორმებით დასტურდება".

სასამართლოზე ჯონი დეპი თავისი ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფდა და ამბერ ჰერდს "ანგარებიანს", უწოდებდა, თუმცა მოსამართლემ ჯონი დეპის ეს განცხადებაც არ მიიჩნია რეალობასთან შესაბამისად.

"ვაცნობიერებ, რომ განქორწინება კიდევ სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული, თუმცა მის მიერ 7 მილიონი დოლარის [თანხა, რომელიც ამბერ ჰერდმა განქორწინების შემდეგ მიიღო] საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შეწირვას ძნელად შეიძლება ეწოდოს ანგარება", — თქვა მოსამართლემ.

57 წლის ჯონი დეპმა ბრიტანულ გამოცემას რამდენიმე თვის წინ უჩივლა სტატიისთვის, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა: "როგორ შეიძლება ჯოან როულინგი "გულწრფელად ბედნიერი იყოს" ჯადოსნური ცხოველების ახალ ფილმში ცოლის მცემელი ჯონი დეპის როლზე დამტკიცებით?"

გაზეთმა Sun სასამართლოზე წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც, მსახიობისთვის უსაფუძვლოდ არ უწოდებიათ მოძალადე, მათ შორის ამბერ ჰერდის ჩვენებებიც, სადაც ის აღნიშვნას, რომ ჯონი დეპთან თანაცხოვრებისას მის სიცოცხლეს საფრთხეც კი ემუქრებოდა.

"ზოგიერთი ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ მეშინოდა, არ მოვეკალი: განზრახ თუ უბრალოდ კონტროლის დაკარგვის გამო. ის ცხადად მაგრძნობინებდა, რომ ჩემი მოკვლა შეეძლო, განსაკუთრებით ურთიერთობის ბოლო პერიოდში", — განუცხადა მან სასამართლოს.

როგორც BBC წერს, ბოლო წლების ისედაც არც ისე წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგ სასამართლოზე ეს მარცხი ჯონი დეპის კარიერას დიდ ზიანს მიაყენებს: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ყველა ის სამომავლო როლი, რომელზეც მას განიხილავდნენ.

ეს სასამართლო განხილვები, რომლებიც 2020 წლის ივლისში დაიწყო და სამ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო.

The Guardian-ის ინფორმაციით, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება ამბერ ჰერდის ადვოკატებისთვის მოულოდნელი არ იყო და როგორც თავად აცხადებენ, ეს ამბავი ამით არ დასრულებულა:

"ძალიან მალე აშშ-ის სასამართლოში ჩვენ გაცილებით მეტ მტკიცებულებას წარვადგენთ, რათა სამართლიანობა აღვადგინოთ და ამბერ ჰერდის სიტყვის გამოხატვის უფლება დავიცვათ"