ბუნდესტაგის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე: ეს განაცხადი რეალობის სრულ დაკარგვაზე მეტყველებს

ბუნდესტაგის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე: ეს განაცხადი რეალობის სრულ დაკარგვაზე მეტყველებს

ბუნდესტაგის მრჩეველმა, სონია შიფერსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განაცხადი „რეალობის სრულ დაკარგვაზე მეტყველებს“.

„დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამართლება არ არსებობს, თუმცა წინამდებარე განაცხადი რეალობის სრულ დაკარგვაზე მეტყველებს. საქართველო არც ბელარუსია და არც რუსეთი. ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიას განა აძლიერებს, პირიქით - საფრთხეს უქმნის“, - წერს ბუნდესტაგის მრჩეველი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას „ხმების დასაცავად მობილიზაციისკენ“ მოუწოდა და საქართველოს ხელისუფლება ბელარუსსა და რუსეთს შეადარა. „დილიდან მასობრივ მობილიზაციას ვაცხადებთ. ივანიშვილს არ მივცემთ ქართველი ხალხის ხმების მოპარვის საშუალებას“, - განაცხადა მან.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.