ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“მართლაც საკვირველია, რომ 2016 წლისა და 2020 წლის არჩევნების შედეგები ორი დომინანტი სუბიექტისთვის - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის" თითქმის იდენტურია.
პროპორციულ არჩევნებში "ოცნებამ" მაშინაც და ახლაც 48% მიიღო; ხოლო ენმ-მა - მაშინაც და ახლაც 27% (განსხვავებები მხოლოდ მეასედებშია). პოლიტიკური განვითარებისთვის ერთ ადგილსა ვტკეპნით - ვერ ერთმა ვერც გაიუმჯობესა შედეგი და ვერც გაიუარესა. შედარებით უკეთ მაინც ენმ-ი გამოიყურება, რადგან მისი განყოფი სამი პარტია - ევროპული საქართველო, ე.წ. აღმაშენებელი და გირჩი ცალკე სუბიექტებად შევიდნენ პარლამენტში და ეს, პრინციპში, მაინც იგივე ნაც- ფლანგის გააძლიერებაა.
ასევე, მაშინაც და ახლაც "ოცნებამ" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა მაჟორიტარულ არჩევნებში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 2016 წელს გასანაწილებელი 73 მაჟორიტარული მადატი იყო ახლა კი მხოლოდ 30-ია. სწორედ ამიტომაც "ოცნებამ" 2016 წელს მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.
სავარაუდოდ, უდიდესი ალბათობით, ოცნება მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტურში ამჟამად 16-დან არანაკლებ 14-ს მაინც მოიპოვებს და საბოლოო ჯამში შეძლებს სულ მცირე, 90 დეპუტატით შევიდეს პარლამენტში.
ხაზგასასმელია, რომ ვინაიდან პროპორციული არჩევნები პრაქტიკულად უბარიერო იყო (1% - რეალურად "ბუნებრივი ბარიერია" 120-იდან 1 მანდატის მოსაპოვებლად) პარლამენტში კიდევ 7 სუბიექტი მოხვდა გარდა ამ ორი დომინანტი პარტიისა. თუმცა, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლობა კიდევ უფრო მოკრძალებული იქნება და დიდი ალბათობით, იგი დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნას, ისევე, როგორც, ალბათ, ვერცერთი სხვა "მცირე" პარტია ვერ შეძლებს.
არჩევნები რომ სრულად პროპორციულად, ბლოკების გარეშე და 5%-იანი ბარიერით, როგორც ეს 2024 წლისთვის არის კონსტიტუციით დადგენილი, ჩატარებულიყო, პარლამენტში მოხვდებოდა მხოლოდ ეს ორი დომინანტი პარტია. ამასთან, რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ქართული ოცნება მოიპოვებდა არა 90-ს, რასაც სავარაუდოდ მოიპოვებს ახლა, არამედ გაცილებით მეტს - 100 მანდატს. თუმცა, ასევე უფრო მეტ მანდატს - 50-ს და არა სავარაუდოდ 35-ს, როგორც ახლა, მოიპოვებდა ენმ-იც.
მთავარი დასკვნა კი ეს არის: საქართველოს პარტიულ-პოლიტიკურ სისტემაში კვლავაც 2 დომინანტი პარტიაა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენებმა - ამ არჩევნებში ფაქტიურად ფიასკო განიცადეს; მართალია, 7 მინორიტარული მინი-პარტია კი მოხვდა პარლამენტში, მაგრამ ეს არა მათი, რამდენადაც ამ ერთჯერადი, საგამონაკლისო საარჩევნო სისტემის დამსახურებაა. ამ 7 არადომინანტი, მინორიტარული მინი-პარტიიდან საუკეთესო შედეგის მქონეს - 'ევროპულ საქართველოს" 4%-იანი მხრადაჭერაც კი არა აქვს და თუ გავითვალისწინებთ იმ რესურსს, რაც არჩევნებში დახარჯა ამ ძალიან ცუდი შედეგის მისაღებად, მეტად არასახარბიელოა მისი პერსპექტივაც.
მცირე რესურსიან პარტიებს შორის საუკეთესო შედეგი აქვს ალბათ - "გირჩს".
ეს ნაც-ფლნგის "მცირე" პარტიები, ვინაიდან ენმ-ს აჰყვნენ, რადგან ჰგონიათ, მის გარეშე დიდს ვერაფერს მოინადირებენ, შეიძლება აბსოლუტურად უპერსპექტივოდ დრჩნენ: თუ უარს იტყვიან საპარლამენტო ტრიბუნაზე, მოუწევთ ენმ-ის გვარამიასთან რიგში დგომა, რათა ენმ-ს ტელეეთერში გვერდი "დაუმშვენონ", ეს კი დიდი ვერაფერი ხეირია.
ხოლო ჩემთვის და ჩემნაირების პოლიტიკური გემოვნებისთვის კი სავალალოა: პრაქტიკულად, კონსერვატიული მყარი იდენტობის მქონე ვერც ერთი პარტია პარლამენტში ვერ მოხვდა. პატრიოტთა ალიანსი, ჩემი აზრით, თავს კი მიიჩნევს ასეთად, მაგრამ ბევრი უკლია რეალურ კონსერვატიულ ძალად ჩამოყალიბებამდე: პირველ ყოვლისა, აბსოლუტურად მცდარი და მავნე საგარეო ორიენტაცია და ასევე, ხშირად არასოლიდური მყვირალა პოპულიზმი, რაც სრულიად უცხო უნდა იყოს მყარი იდენტობის მქონე ქართული კონსერვატიზმისთვის.
მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ საარჩევნო შედეგები მიუღებელია ამ მცირე მინი-პარტიებისთვის, არამედ პირიქით: ეს მცირე და საუბედუროდ, განუვითარებელი მიკრო-პარტიები აბსოლუტურად შეუფერებელია გამართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემისთვის, რასაც არა მხოლოდ ეს, არამედ, თუ არაფერი შეიცვალა, სამომავლო არჩევნების შედეგებიც დაადასტურებს. ეს კი თავისთავად - საპარლამენტო წყობის განვითარებისთვის გადაულახავი ბარიერი შეიძლება გახდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა ენმ-ს არა მხოლოდ რაიმე კონსტრუქციული სვლა, არამაედ უარესიც, საერთოდ - არავითარი პოლიტიკური თამაშიც კი, სადაც ქიშს არ მიიღებს, უბრალოდ არა აქვს!”