გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 25,104, გარდაიცვალა 342 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4,188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2,204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.