მე დაახლოებით მესმის ოპოზიციური პარტიების მოტივაცია. ოპოზციიური პარტიები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა და ზოგს 0.80% აქვს და ზოგს მაქსიმუმ 3%, ისინი ბუნებრივია, ცუდ მდგომარეობაში არიან და უკან ვერ იხევენ და ამიტომ უფრო ადვილად აჰყვნენ „ნაცმოძრაობას“ ამ დესტრუქციის განხორციელებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ კრიმინალური ორგანიზაციაა, რომელმაც თავიდანვე ყოველ მეორე წინადადებაში რევოლუციური სცენარი დააანონსა.
„აქედან გამომდინარე, მესმის 3 და უფრო ნაკლებპროცენტიანი რეიტინგისა და შედეგის მიმღები პარტიების, რომლებიც ახლა უკან დასახევ გზას ეძებენ და ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ მათ ეყოფათ კეთილგონიერება, რომ „ნაცმოძრაობას“ არ ჩაჰყვნენ იმ დესტრუქციულ მოქმედებებში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვაანონსებდით დეტალური ადგილებისა და დროების მითითებით“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტთან აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.
31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.