მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაანონსებულ ბოიკოტზე: ისინი ვალდებულები არიან, პატივი სცენ იმ ნებას, რომელიც მათმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთთან გამოხატეს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დაანონსებულ ბოიკოტზე: ისინი ვალდებულები არიან, პატივი სცენ იმ ნებას, რომელიც მათმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთთან გამოხატეს

კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია, თუ ესწრება ნახევარზე მეტი. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება ძალიან სამწუხარო. ვფიქრობ, რომ არ უნდა დაუშვან არც მათ და არაც ქართულმა საზოგადოებამ. ისინი ვალდებულები არიან, პატივი სცენ იმ ნებას, რომელიც მათმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთთან გამოხატეს და ამით, თავიანთ ამომრჩეველს არ მიაყენონ შეურაცხყოფა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მან საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, რომ ეს განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სპეკულაციები უადგილოა.

„პრაქტიკულად, იგივე განმარტეს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც. აქედან გამომდინარე, ეს არაა აზრი, რომელიც, შეიძლება, სუბიექტური იყოს. ესაა სწორი დამოკიდებულება. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წერტილი დაუსვეს სივრცეს ყოველგვარი სპეკულაციისთვის, სივრცეს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ისინი მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში და თუ არ ვცდები, მედიის საშუალებითაც, ავითარებენ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, ოქმები გაყალბებულია. უმრავლესობა მათგანზე, რაც მე პირადად ვნახე, ოქმებზე, რომელზეც არის სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, ახლავს ე.წ. დაზუსტების ოქმი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტთან აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ეტაპობრივ განახლებას თვალი შეგიძლიათ ადევნოთ ამ ბმულზე.