რომან გოცირიძე:  თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა

რომან გოცირიძე:  თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა

თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა,- ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის წინ გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები იკრიბებიან. მისივე თქმით, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ამ ფორმით მუშაობას არ უნდა შეუდგეს.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით.

„არჩევნების შედეგზე მოახდინა გავლენა იმ გაყალბებებმა, იმ ძალადობამ, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ის არ უნდა შეუდგეს ამ ფორმით მუშაობას. საპროტესტო აქციები, ბუნებრივია, გაგრძელდება. არ უყვარს ამ ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც ქუჩას ახსენებენ, მაგრამ გაიხედონ მთელ მსოფლიოში რა გადაწყვეტილებებს იღებს ქუჩა. რა ხდება ბელარუსში, რა ხდება ყირგიზეთში და როგორ წყდება ურთულესი საკითხები ქუჩის ზეწოლით, როდესაც ხელისუფლება იქცევა უგუნურად. თუ მაგიდასთან ვერ წყდება საკითხი, მაშინ მას გადაწყვეტს ქუჩა,“- განაცხადა გოცირიძემ.