ჩვენ არჩევნებს დავაკვირდით რამდენიმე უბანზე და შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარ დასკვნები წარმოადგენა.
მისი თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო.
„უკვე თვეზე მეტია, რაც ჩვენ ქვეყანაში ვიმყოფებით და ეს ჩვენ გვაძლევდა შესაძლებლობას დავკვირვებოდით წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს და კანდიდატთა რეგისტრაციას. ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, თუ როგორ ხდებოდა მთლიანად არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ ასევე მონიტორინგს ვუწევდით 7 მთავარ მაუწყებელს, 5 კერძო და 2 საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ ჩვენი დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკური ასპექტები ეფექტიანად იყო მართული. ცესკომ გაითვალისწინა და დაიცვა სამართლებრივი ვადები, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული იმ ღია რეგულარულ სესიებზე, რომლებსაც ცესკო ახორციელებდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველი პარტია ნამდვილად დომინირებდა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამან რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა ადამიანების აღქმაზე არჩევნების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მასმედიასთან და ბევრი ბრალდება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლა. ჩვენ არჩევნებს დავაკვირდით რამდენიმე უბანზე და შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა და ასევე იყო ბრალდება, რომ მკვეთრი გამიჯვნა არ ხდებოდა სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ნამდვილად დასანანია, რომ ეს ელემენტები არსებობდა, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო“,- განაცხადა ჯილიენ სტირკმა .