გოგი მეშველიანის განცხადებით,

გოგი მეშველიანის განცხადებით, "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ყველა უბანში, სადაც "ოცნება" იმარჯვებს, არჩევნები ჩაშალოს

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქში გოგი მეშველიანი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში იმარჯვებს. მეშველიანის თქმით, სწორედ ამ მიზეზით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გეგმავენ პროვოკაციებს.

მეშველიანის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში შეიარაღებული პირები გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბანზე და ის სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ამ არჩევნებს ჩვენ ამ ოლქში პირველივე ტურში დავამთავრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დემონსტრაციულად, სასროლი იარაღით გადაადგილდებიან, ჰყავთ მობილიზებული ე.წ. ზონდერჯგუფები, მათი ყოფილი ძალოვანების ჩართულობა ამ პროცესში სწორედ ამაზე მიანიშნებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ ყუთების დაზიანებას, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისკენ პროცესის წაყვანას, რომ ყველა უბანი, სადაც ჩვენ მეტნაკლებად დიდი უპირატესობა გვექნება, იქ არჩევნები ჩაშალონ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოდის მათი შტაბიდან," - განაცხადა მეშველიანმა.

"კურიერი" ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახა ოქრიაშვილსაც. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აბსურდულს უწოდებს აღნიშნულ ბრალდებებს. ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" მხრიდანაც არ ელოდება პროვოკაციებს.