„დამნაშავეს 8 საათის განმავლობაში ხელი აუცილებლად დაეღლებოდა ხელყუმბარით, ალბათ, ეს არ იყო საბრძოლო ყუმბარა“

„დამნაშავეს 8 საათის განმავლობაში ხელი აუცილებლად დაეღლებოდა ხელყუმბარით, ალბათ, ეს არ იყო საბრძოლო ყუმბარა“

როგორ შეცვალა ერთმა თავდამსხმელმა ჩვენი ხალხის განწყობა? თითქოს ამ ადამიანის იდეალიზება ხდება, ეტყობა, ზოგს რეკეტი მოენატრა, ზოგსაც დათა თუთაშხია აგონდება, ზოგი კი ფიქრობს, ნიღაბი რომ მოიხსნას და ამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს, თავდამსხმელი უკონკურენტო იქნება. ჩვენი სისტემის რა ხარვეზი გამოავლინა ამ თავდასხმამ? ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი თავდასხმის შემდეგ პოზიცია წარმატებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს, ოპოზიცია სისტემის კოლაფსზე, ჩვენი საზოგადოების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს იყო ვესტერნის სიუჟეტის ცხოვრებაში გადმოტანა, რომელმაც მარტოხელა თავდამსხმელის გამბედაობა გამოავლინა. თქვენ როგორ შეაფასებთ მომხდარს?

- იმდენად არაპოპულარულია „ქართული ოცნება“, მისი სტილი, მმართველობა და შედეგები, რომ საზოგადოებაში ამ ეპიზოდმა უფრო მხიარული დამოკიდებულება გამოიწვია, ცოტა დამცინავი და ცინიკური განწყობაც, მადლობა ღმერთს, არავინ დაღუპულა. გამოჩნდა, რამდენად უსუსურია ხელისუფლება, რომ ვერც კი განახორციელა ოპერაცია „დევნა“ იმის შემდეგ, რაც თავდამსხმელი მარტო დარჩა. ტყეში ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. მათ შეეძლოთ, გადაცემულ ფულში ე.წ. ღუზა, თუ რადიონიშანი ჩაედოთ, რომლითაც შეიძლებოდა ადამიანის გადაადგილების მარშრუტის განსაზღვრა. ცხოველებს უკეთებენ ნიშანს და იმით ეძებენ ტყის სიღრმეში, ზღვის სიღრმეებშიც კი ეძებენ ვეშაპებს და სხვა ცხოველებს, ამ კაცისთვის რომ ჩაედოთ მოსაძებნი სისტემა, რა პრობლემა იყო? ძალიან უცნაური, მოუმზადებელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ უშიშროების სამსახურები არ არიან მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ისინი დაკავებულნი არიან პოლიტიკური ოპონენტების დევნით. ეს ძალიან ცუდი შეტყობინებაა საზოგადოებისა და კრიმინალური სამყაროსთვის, რომ თურმე შეიძლება, შეირაღებული ადამიანი შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ნებისმიერი თანხა და მოგებული გამოვიდეს. ეს აჩვენებს, სახელმწიფო აპარატი რამდენად არ არის მზად ამ ტიპის გამოწვევებისთვის.

ის, რომ ადამიანები გადარჩნენ, ძალიან კარგია, მაგრამ დამნაშავე რომ ვერ დაიჭირეს, ეს ძალიან ცუდია. თანაც, ეს დამნაშავეთა ჯგუფი კი არ იყო, არამედ ერთი ადამიანი, რომელიც სიბნელეში გაუჩინარდა. მისი დაჭერა ვერ მოახერხა უშიშროებამ თანამედროვე თვალთვალის ობიექტებით და უამრავი დრონების, ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, ეს სრულიად გამაოგნებელია. ამიტომ საზოგადოების მხრიდან ეს ირონიული დამოკიდებულება ახსნადია. „ქართული ოცნება“ წარმატებული და პოპულარული რომ ყოფილიყო, მაშინ ჩვენი საზოგადოება შეეცდებოდა, ხელისუფლება დაეცვა და აეხსნა მისი ჩავარდნა, მაგრამ „ოცნება“ იმდენად არაპოპულარულია, ეს ფაქტიც ირონიისთვის გამოიყენეს.

თვითონ ამ ადამიანის იდეალიზება რამდენად საშიშია?

- მისი იდეალიზება ყოვლად დაუშვებელია. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს უფრო გაბრაზებული ხალხის რეფლექსია, ადამიანებს ძალიან უჭირთ, სიღარიბემ კატასტროფული მასშტაბი შეიძინა და ამ ფონზე უხარიათ, როცა ვიღაც ამ ფორმით სჯის ხელისუფლებას. სიმართლეს თუ ვიტყვით, ხალხი ყოველთვის მართალია. „ხალხი ბრძენია“ - ამაში არის თავისი ფილოსოფია და თავისი კონცეფცია. მე ამაში ხელისუფლების პრობლემას ვხედავ, რომელმაც ყველაფერი დაუთმო დამნაშავეს, ეს ყველაზე უფრო იოლი გამოსავალია. რთული გამოსავალია, ხალხიც არ დაგეღუპოს და დამნაშავეც დაიჭირო. ყველაზე ცინიკური არის, რასაც აკეთებს ხოლმე პუტინი, ხალხს ღუპავს და დამნაშავეებსაც ღუპავს.

ამან ბესლანის ტრაგედია გამახსენა, რომელმაც 334 ადამიანი შეიწირა, მათ შორის, 184 ბავშვი.

- დიახ, ბესლანის ტრაგედია და ნორდ-ოსტის ტრაგედია კინოთეატრში. რუსული სტილია ყველას ამოხოცვა, ანუ არ გავახარებ მტერს და არ გავახარებ დამნაშავეს, არ შევუქმნი დამნაშავეს განცდას, რომ ის წარმატებულია, მაგრამ, დაე, დაიღუპონ მშვიდობიანი მოქალაქეები. ევროპული დამოკიდებულებაა, არც ადამიანები არ უნდა დაიღუპონ და დამნაშავე უნდა დააკავონ თუნდაც ცოტა ხნის შემდეგ, გინდაც, ერთ საათში, ერთ დღეში, ერთ კვირაში. რაც შეეხება ზუგდიდში ჩადენილ ქმედებას, თუკი ამ დამნაშავეს ერთ კვირაში აიყვანენ, მაშინ თქვენი ინტერნეტგამოცემის მეშვეობითაც ვიტყვი, ყოჩაღ ხელისუფლებას, შევცდი შეფასებაში. თუმცა ისე იოლად ჩააფლავეს საქმე, ეჭვი მეპარება, ერთ კვირაში, ან ერთ თვეში აიყვანონ დამნაშავე, თუ თვითონ არ გამოჩნდა და, თუ სულელურად არ დაიწყო ნახევარი მილიონის დახარჯვა. იმდენად კარგად დაგეგმა ყველაფერი, რომ შეიძლება მართლაც ჭკვიანი კაცია და არ გამოააშკარავოს თავი.

ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, საოკუპაციო ზონის სიახლოვეს რატომ ჩაიდინა ეს ქმედება?

- ამასთან დაკავშირებით მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, თანაც, როცა მძევლები ყვებოდნენ, მეგრულად საუბრობდაო, ჩავთვალე, რომ იგი უფრო გალთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, გალი- ზუგდიდის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელზეც, ასევე, გადის საოკუპაციო ხაზი, ძალიან მკაცრად მოწყობილი არ არის და ბევრი ადგილია, საიდანაც გალელები გადმოდიან ზუგდიდში და უკან ბრუნდებიან. სამწუხაროდ, მწარე ფაქტებიც არსებობს როგორც დაპატიმრების, ისე კიდევ უარესი, ამას წინათ ერთი ადამიანიც დაიხრჩო ენგურში. ანუ ბილიკები არსებობს, გადადიან როგორც ქვედა წელში ხურჩის მიმართულებით და ქვემოთ გალში, ისე ზემოთ, ზუგდიდის და წალენჯიხის მიმართულებით. ძალიან ბევრი დევნილი გალიდან ამ ფორმას იყენებს. განსაკუთრებით, რაც რამდენიმე წლის წინ, ხაჯიმბას დროს, აფხაზეთმა ჩაკეტა ხუთი გადასასვლელი და მხოლოდ ერთი დატოვა ენგურის ხიდზე, მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ, გალელებმა განაახლეს ამ ბილიკებით სიარული. ამიტომ უფრო ლოგიკურია, ეს ადამიანი ყოფილიყო გალიდან, მან იცის, რომ ახლო-მახლო ზუგდიდშია ბანკი, ასევე, კარგად იცის გადასასვლელი ბილიკები, გაძარცვა ბანკი და სიბნელეში ტყეში მიიმალა. სიბნელეში ამ ხალხს არ უჭირს სიარული, რადგან ადგილობრივები არიან. თუ გალის რაიონში გაზრდილი ეს ახალგაზრდა ადამიანი რეგულარულად გადადის ამ გამყოფ ხაზზე, მაშინ მას არ გაუჭირდებოდა დაბრუნებულიყო გალის რაიონში. ამ ხალხმა კარგად იცის, ამ ბილიკებით როგორ აუარონ გვერდი აფხაზურ თუ რუსულ საგუშაგოებს. რატომ ზუგდიდი? იმიტომ, რომ ახლოსაა ადგილი, სადაც შეიძლება დაიმალო, ანუ აფხაზეთის ტერიტორია.

შამბა ამბობს, რომ უკან გადმოგვცემს დამნაშავეს, თუ გამტაცებელი აფხაზეთში გადავა.

- ეჭვიც არ მეპარება შამბას სიტყვებში, ვიცი, რომ, თუ გამტაცებელს დაიჭერენ, გადმოგვცემენ, მაგრამ აფხაზებს ყველა ხესთან არ ჰყავთ პოლიციელები დაყენებული. ის რომ გადმოსულიყო ხიდზე, დაიჭერდნენ, მაგრამ ისეთი შტერიც არ ჩანს, ხიდზე გადასულიყო. თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა, შეიძლება იქიდან რუსეთში წავიდეს, თანამზრახველები იპოვოს, ფული გადაახურდავოს. მერე შეიძლება ვეღარც კი ვიპოვოთ ამ ფულის კვალი. ეს ფული ქართულ მხარეს, ანუ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ დარჩენილიყო, შეიძლება კვალი ეპოვათ, დანომრილი ყოფილიყო კუპიურები. ხოლო, თუ კუპიურები აფხაზეთში გადაიტანა, ვინღა სდევს აფხაზეთში დანომრილ ფულს?

ოპოზიციის ქილიკსაც გამოვეხმაუროთ, რას ნიშნავს მათი მხრიდან ამ სპეცოპერაციის ჩაფლავებულად და ეროზიად გამოცხადება, როცა ნაციონალების საწინააღმდეგოდ შეიძლება გავიხსენოთ ხურჩის ინციდენტი, დადგმული სპექტაკლები, მოდელირებული ქრონიკა...

- ხელისუფლებამ ოპოზიციას მისცა სალაპარაკო, ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, ასეთ დროს არ გამოიყენოს ეს თემა. ის ფაქტი, რომ დამნაშავე გაიქცა, სერიოზული ჩავარდნაა, არ შეიძლება ამის უყურადღებოდ დატოვება. ოპოზიცია ამას ამძაფრებს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიდევ მეტად წარმოაჩენს ხელისუფლების მიმართ უარყოფით განწყობას. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ გაეპარათ ეს ადამიანი, ანუ, როგორც კი გაუშვეს სიბნელეში, მარტო მყოფი ადამიანის აყვანა არ უნდა ყოფილიყო რთული. დევნის მთელი პროტოკოლები არსებობს. ვიმეორებ, ფული თუ გადასცეს, იმ ფულში რადიოსიგნალის მქონე აპარატურა უნდა ყოფილიყო, დრონები უნდა აემოქმედებინათ, მთელი 8-9 საათი დრო ჰქონდა ხელისუფლებას, კარგად მომზადებულიყო, რათა ეს ადამიანი არ გაპარვოდათ. მთავარი ამოცანა იყო მძევლების დაცვა, ამაში ვეთანხმები ხელისუფლებას და ხელისუფლება სწორადაც მოიქცა, რომ, პირველ რიგში, ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მაგრამ ერთი კაცი რომ ასე იოლად გაეპარათ, აქ უფრო მეტი მინუსებია, ვიდრე პლუსები. ჯარშიც ნამყოფი ვარ, ომშიც ნამყოფი ვარ, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ იარაღიც ვიცი, რა არის და ხელყუმბარაც, ვერ წარმომიდგენია, ადამიანს, რაც არ უნდა ჯანმრთელი და ჯანსაღი მამაკაცი იყოს, 8 საათის განმავლობაში ხელიდან ხელში გადაჰქონდეს საბრძოლოდ მომართული ხელყუმბარა, აუცილებლად ხელი დაეღლება, მით უმეტეს, ხელთათმანებში იყო, თავზე ჰქონდა ჩამოფხატებული ნიღაბი, თბილად ეცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ 8 საათის განმავლობაში აუცილებლად დაიღლებოდა, ხელები მოუდუნდებოდა, ძილისკენ დაიწყებდა სხეული მოძრაობას. ასეთ ოპერაციას, როგორც წესი, 5- 6 კაცი მაინც ამზადებს, რათა ერთმანეთს შეენაცვლონ, ვიღაცას სძინავს, ვიღაც ფხიზლობს, ზოგს ტუალეტში გასვლა უნდა, უამრავი ფაქტორია, უნდა დააკვირდე, მძევლები როგორ იქცევიან. მე რომ ვყოფილიყავი მძევალი, დავაკვირდებოდი, როგორ გადაჰქონდა ხელიდან ხელში ხელყუმბარა, სასწავლო ხელყუმბარა ხომ არ იყო, თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს არ იყო საბრძოლო ყუმბარა, თორემ ასე იოლად ხელში ვერ ათამაშებდა. მე რომ ვყოფილიყავი, შევამჩნევდი, რომ აშკარად თამაშობს და გვამაიმუნებს, ამიტომ ვფიქრობ, მძევლებს შორის მას ეყოლებოდა თანამზრახველი. ვერავისზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ახლა გვარებსაც ასახელებენ, ამისგან შორს ვარ, მაგრამ შეუძლებელია, იქ არ ყოფილიყო ვინმე, რათა, თუკი შეამჩნევდა რომელიმე მძევალი, რომ ხელყუმბარა არ იყო ნამდვილი და ბუნტს მოაწყობდა ეს მძევალი შიგნით, იგი გაენეიტრალებინათ. მართლაც ღმერთმა დაგვიფარა და ბევრი ადამიანი გადარჩა, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ძარცვები ვიღაცის დაჭრით მაინც იწყება შეშინების მიზნით, რომ მათი განზრახვა სერიოზულია. ეს რაღაც რომანტიკული ტიპი იყო, ხაჭაპურები გვაჭამაო....

მას პლუსად უთვლიან იმასაც, რომ მცირე თანხა მოითხოვა, მაშინ, როცა მეტის მოთხოვნა შეეძლო.

- ცოტაა 500 ათასი დოლარი? მან ადგილობრივი რესურსები გათვალა, ზუგდიდში რამდენი თანხა შეიძლება ყოფილიყო. მან გათვალა ბანკის შესაძლებლობები და იფიქრა, რომ ბანკში შეიძლება ყოფილიყო ნახევარი მილიონი. გარედან მიუტანეს ფული. ყველაზე უფრო უსუსური არგუმენტი ის არის, როცა გვეუბნებიან, ბიუჯეტს არ მოკლებია ეს თანხაო. ოღონდ ეს ადამიანები ცოცხლები გადარჩენილიყვნენ და ოღონდ დაეჭირათ ის კაცი, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, თანახმა ვიქნებოდი, ამ საქმეს სახელმწიფო ბიუჯეტი შესწირვოდა. მთავარია, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო და დაეკავებინა ეს ადამიანი.

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ეეხ... ?!
3 წლის უკან