ამირან გამყრელიძე: პოზიტიური ტრენდია, რომ თანდათან გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება

ამირან გამყრელიძე: პოზიტიური ტრენდია, რომ თანდათან გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი იზრდება

დღეისთვის გვაქვს აქტიური ინფექციის 19 231 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი. დილისთვის, გამოჯანმრთელდა 1 262 ადამიანი. პოზიტიური ტრენდია, რომ, თანდათან, გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

19 231 ადამიანიდან, ჰოსპიტალში მკურნალობს 3 600-მდე პაციენტი, ხოლო დანარჩენი გახლავთ კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე მკურნალობაში. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბერში ქვეყანა აქტიურად გადავიდა უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ავადმყოფთა ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში მკურნალობის სტრატეგიაზე, რომელიც საკმაოდ აქტიურად ხორციელდება. სამწუხაროდ, დღეისთვის, სიკვდილის 238 შემთხვევა გვაქვს. პროცენტულ მაჩვენებელში, ეს გახლავთ 0.75%. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში, ჯერჯერობით, საქართველოს პროცენტული მონაცემი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროპის რეგიონში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.